არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში საკადრო ცვლილებებზე განცხადება გააკეთა
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში საკადრო ცვლილებებზე განცხადება გააკეთა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, პოლიტიკური კონსულტაციები დასრულდა და მიღებულია შემდეგი საკადრო გადაწყვეტილებები:

პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს გიორგი ვოლსკი, ვიცე-სპიკერის პოზიციას – მამუკა მდინარაძე, რომელიც, ასევე, უხელმძღვანელებს უმრავლესობას. ასევე, ვიცე-სპიკერი იქნება გიორგი კახიანი, რომელიც აქამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, კიდევ ერთ ვიცე-სპიკერად მმართველი გუნდი კახა კუჭავას წარადგენს.

რაც შეეხება კომიტეტებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობა ირაკლი ბერაიას წარადგენს, რომელიც აქამდე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დავით სონღულაშვილი დაიკავებს, ხოლო გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი იქნება.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე დაწინაურდება გენადი მარგველაშვილი. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი გურამ მაჭარაშვილი იქნება.