დიმიტრი ხუნდაძე - პაპუაშვილი თავად გასცემს პასუხს, ჩავა თუ არა ბუჩაში, ჩემი პოზიციაა, რომ ვიდრე უკრაინის მხარე არ გააკეთებს განმარტებებს ბრალდებებზე ან არ იქნება ბოდიში, მსგავს საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს
დიმიტრი ხუნდაძე - პაპუაშვილი თავად გასცემს პასუხს, ჩავა თუ არა ბუჩაში, ჩემი პოზიციაა, რომ ვიდრე უკრაინის მხარე არ გააკეთებს განმარტებებს ბრალდებებზე ან არ იქნება ბოდიში, მსგავს საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს

პარლამენტის თავმჯდომარე ჩავა თუ არა უკრაინაში, კონკრეტულად ბუჩაში, ამას შალვა პაპუაშვილი თავად გასცემს პასუხს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხუნდაძეს მიაჩნია, რომ ვიდრე უკრაინის მხარე უკრაინის თავდაცვის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებებს არ წარმოადგენს ან ბოდიშს არ მოიხდის, მსგავს საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს.

ამასთან, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ საქართველო ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გააგრძელებს.

„ჩემი პოზიციაა, რომ ვიდრე უკრაინის მხარე არ გააკეთებს განმარტებებს მათი დაზვერვის ბინძურ ბრალდებებზე, არ იქნება არგუმენტები ან წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნება ბოდიში, ვფიქრობ, ასეთ საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად მხარდაჭერას საქართველო აგრძელებს. მესმის მათი მძიმე მდგომარეობის, მაგრამ არსებობს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რაც გარკვეულ წესებს მოითხოვს და აუცილებელია, რომ ეს წესები დაცული იყოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა დღეს განაცხადა, რომ ბუჩის ტრაგედიის სანახავად უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა პარლამენტარები მიიწვია. კასიანოვის თქმით, სტეფანჩუკის მიწვევა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც. საქართველოს პარლამენტში კი აცხადებენ, რომ შალვა პაპუაშვილს უკრაინის რადას თავმჯდომარის ოფიციალური მიწვევა არ მიუღია.