დიმიტრი ხუნდაძე - ორპალატიანი, ამერიკული სისტემა მაღალ ხარისხში უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ, პოლიტიკურ განვითარებას
დიმიტრი ხუნდაძე - ორპალატიანი, ამერიკული სისტემა მაღალ ხარისხში უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ, პოლიტიკურ განვითარებას

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტი, ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

„იქნება ორპალატიანი სისტემა. ვფიქრობ, რომ ეს მაღალ ხარისხში უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ, პოლიტიკურ განვითარებას და, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის უშუალო კავშირი მაღალ ხარისხში იქნება“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ საფრთხეებზე უმრავლესობის სხდომაზე ისაუბრებს, რომელიც ხვალისთვის ჩაინიშნა.

„ხიფათებზე ვისაუბრებ უმრავლესობის სხდომაზე, იმ ხიფათებზე, რომ შეიძლება, ასე ნაჩქარევად და გაუთვლელად მძიმე პოლიტიკურ რეალობაში ჩადგეს საზოგადოება. არგუმენტებს მივიღებ, მაგრამ არგუმენტად ვერ იქნება მიღებული დავპირდი და შევპირდი. შესაძლოა, იყოს ცხარე საუბარიც“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატის განმარტებით, გუნდის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება.

„ავირჩიეთ გზა, ხალხში გავალთ. 200 ათას ხელმოწერას დავარეგისტრირებთ. ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს, ხვალ ვნახავთ“ ,- დასძინა ხუნდაძემ.

საპარლამენტო  უმრავლესობის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ხვალ,  11:00 საათზე დაიწყება.

სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო სისტემა იქნება, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.

მაჟორიტარ დეპუტატთა ეს ნაწილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებისათვის 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო.