დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციის მიზანია, რევოლუციური სცენარი განავითარონ, მაგრამ არ გამოუვათ, მათთვისაც სჯობს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობას
დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციის მიზანია, რევოლუციური სცენარი განავითარონ, მაგრამ არ გამოუვათ, მათთვისაც სჯობს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობას

არაერთხელ განმიცხადებია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან იმისთვის, ჩაეთვალოთ, რომ მოლაპარაკების სურვილი ჰქონდათ, – ამის შესახებ საარჩევნო სისტემის შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დიალოგის ჩაშლასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ მას შედეგიანი შეთავაზების მოლოდინი ოპოზიციისგან არც ჰქონია.

„არაერთხელ განმიცხადებია, რომ არ მქონია მოლოდინი, რამე გონივრულს, კომპრომისულს და შედეგიან შეთავაზებას გააკეთებდნენ, არც ახლა არ მაქვს. მათი მიზანი არის ისევ ის, რომ რევოლუციური სცენარი განავითარონ, რაც იციან, მაგრამ არ გამოუვათ, ქართული საზოგადოება არ მიიღებს. ამიტომ ვფიქრობ, მათთვისაც სჯობს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობას, გაითვალისწინონ ქვეყნის მთავარი ინტერესები და არა ის, რომ უმოკლესი გზა აირჩიონ პარლამენტში შემოსასვლელად, ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

როცა უზენაესი სასამართლოს განაჩენი ცნობილი გახდა, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში საარჩევნო სისტემის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობდა, რომელშიც უგულავაც მონაწილეობდა. შეხვედრის შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ დიალოგის მეხუთე რაუნდი არ იქნება. „წყდება ყველანაირი მოლაპარაკებები, კონსულტაციები და რაუნდები, გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის დიდი ტალღის მომზადებაზე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.