დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციას სურს, საგანგებო მდგომარეობით ჩაშალოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოიწვიოს
დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციას სურს, საგანგებო მდგომარეობით ჩაშალოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოიწვიოს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი.

კერძოდ, ხუნდაძის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ხელი შეეშლება და ეს პროცესი ვერ წარიმართება.

„განხილვების დროს, თითქოს, თავიდან იყო შეფარული შემოთავაზებები, მაგრამ შემდეგ ოპოზიციის მხრიდან ღიად გაცხადდა, რომ ასეთ რეგულაციებს სჯობს, მივიღოთ საგანგებო მდგომარეობა და გავაგრძელოთ ის. ამის უკან შევნიშნე, რომ ოპოზიციას სურს, საგანგებო მდგომარეობით ჩაშალოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და საზოგადოებაში გამოიწვიოს უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, რადგან საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს უფრო მკაცრ აკრძალვებს, ვიდრე ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი“, – განაცხადა ხუნდაძემ.

პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.