დიმიტრი ხუნდაძე - ონკოპაციენტებისთვის დაფინანსების გაზრდა მნიშვნელოვანი თანადგომაა განსაკუთრებით იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ფიზიკური და ფინანსური მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა
დიმიტრი ხუნდაძე - ონკოპაციენტებისთვის დაფინანსების გაზრდა მნიშვნელოვანი თანადგომაა განსაკუთრებით იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ფიზიკური და ფინანსური მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა

დაფინანსების გაზრდა შეეხება დაახლოებით 40 000 ონკოპაციენტს, ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომა, განსაკუთრებით იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ფიზიკური და ფინანსური მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარ პრიორიტეტად ისევ რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსებაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი, დაავადების სიმძიმისა და ფინანსური დანახარჯების საკმაოდ დიდი ოდენობის გამო, რაც ხშირად პაციენტს ჯიბიდან უწევდა, სახელმწიფომ გაზარდა დაფინანსების ნაწილში წლიური ლიმიტი და ყველა პაციენტის ლიმიტი გაიზრდება 8000 ლარით. ეს შეეხება დაახლოებით 40 000 პაციენტს და ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომა, განსაკუთრებით იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ფიზიკური და ფინანსური მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა. იმ დღიდან, როცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ავამოქმედეთ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და დასტური იმისა, რომ სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტედად ისევ რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ არა მხოლოდ ფინანსური მონაწილეობა, არამედ ხარისხობრივი მაჩვენებლებიც, რადგან შესაძლოა, არსებული ფინანსებით კიდევ უფრო მეტი ეფექტი მივიღოთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის ახალი პროგრამა 40 000-მდე ონკოლოგიურ პაციენტს შეეხება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, ონკოლოგიური პაციენტები ახალი თაობის პრეპარატებისთვის დამატებით რვა ათასი ლარის დაფინანსებას მიიღებენ.

დატოვე კომენტარი