დიმიტრი ხუნდაძე - მინდა, დავარწმუნოთ პარტიის თავმჯდომარე, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ხიფათის შემცველია
დიმიტრი ხუნდაძე - მინდა, დავარწმუნოთ პარტიის თავმჯდომარე, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ხიფათის შემცველია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დღევანდელ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

მთავარი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელებენ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებია.

სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ შეეცდება, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და გუნდი დაარწმუნოს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ხიფათის შემცველია.

„ამ სისტემას ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებდი. ორჯერ კომპრომისი გავწიე იმის გამო, რომ ეს დათმობა იყო პირობადადებული. როცა არც ერთი და არც მეორე პირობა არ შესრულდა, ეს არ არის პირადი მოთხოვნები, ეს არის ქვეყნის სტაბილურობის, ხალხთან პარლამენტის კომუნიკაციის არშეწყვეტის მოთხოვნა და რაც მთავარია, ქვეყანას ჰყავდეს სტაბილური, ძლიერი და არა რყევადი, სუსტი ხელისუფლება. მინდა, საკუთარი გუნდი დავარწმუნო და ვაჩვენო ის საფრთხეები, რომელზეც ვსაუბრობთ და რაც მთავარია, დავარწმუნოთ პარტიის თავმჯდომარე, რომ ეს გადაწყვეტილება არის ხიფათის შემცველი და ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური ცხოვრება უნდა იყოს სტაბილური და არა რყევადი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ითხოვდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის კანონპროექტის განხილვამდე უმრავლესობის სხდომა გამართულიყო.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება.