დიმიტრი ხუნდაძე - მედიაში კრიმინალის ტირაჟირება ახლა უფრო აქტიურად ხდება, ვიდრე აქამდე იყო
დიმიტრი ხუნდაძე - მედიაში კრიმინალის ტირაჟირება ახლა უფრო აქტიურად ხდება, ვიდრე აქამდე იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან სოციალური თემა თუ კრიმინოგენული ვითარება პოლიტიკური სპეკულაციის საგანი ხშირად ხდება და ამას ხელისუფლება მიჩვეულია.

ჟურნალისტებთან საუბარში ხუნდაძე ოპოზიციონერი დეპუტატის ოთარ კახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კრიმინალთან ბრძოლა შეურიგებელი უნდა იყოს, რისთვისაც შესაბამისი უწყებები მუშაობენ.

„ეს ბრძოლა აქტიურია, მაგრამ ალბათ, უფრო აქტიური თუ იქნება, ამაში ურიგო არაფერი იქნება. კრიმინალი დამახასიათებელი ყველა ქვეყნისთვის არის, მაგრამ მედიაში მისი ტირაჟირება ახლა უფრო აქტიურად ხდება, ვიდრე აქამდე იყო და საზოგადოებაში აზრი ყალიბდება, თითქოს კრიმინალი გაიზარდა და უფრო მეტია, ვიდრე აქამდე იყო. საუკეთესო გამოსავალი მოდუნება არ იქნება, საჭიროა ბრძოლა ყველა კანონიერი რესურსით, რაც ქვეყანაში არსებობს”, – განაცხადა ხუნდაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგაშო კრიმინოგენული ვითარებაა.

როგორც ოთარ კახიძემ განაცხადა, მკვლელობა, დაჭრა, დასახიჩრება ეს უმძიმესი დანაშაულები უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.