დიმიტრი ხუნდაძე - ინფექციური საავადმყოფო ყოველთვის შეუცვლელ როლს ასრულებდა
დიმიტრი ხუნდაძე - ინფექციური საავადმყოფო ყოველთვის შეუცვლელ როლს ასრულებდა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება და ფიქრობს, რომ ინფექციური საავადმყოფო ყოველთვის შეუცვლელ როლს ასრულებდა.

მისივე თქმით, კლინიკის დამსახურება კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„ვფიქრობ, ინფექციური საავადმყოფო ყოველთვის ასრულებდა შეუცვლელ როლს. ეს მან კიდევ დაადასტურა კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე. ის, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში ყველაზე დაბალია, არის დამსახურება მათ შორის ინფექციური საავადმყოფოსი. რაც შეეხება საკითხს, სხვადასხვა კლინიკაში ინფექციური განყოფილება უნდა იყოს, თუ  არსებობდეს ცალკე ცენტრალური კლინიკა, ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით სპეციალისტების აზრია გასათვალისწინებელი. როლი რომ შეუცვლელია და საკმაოდ პოზიტიურ როლს თამაშობს ინფექციური დაავადებების, საშიში ინფექციების გავრცელებისა და მით უმეტეს „კოვიდ-19 თან“ ბრძოლის გზაზე, ფაქტია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება 20 აგვისტოდან შეაჩერა. ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობას უკავშირდება.