დიმიტრი ხუნდაძე - გუნდში მსჯელობისას განსხვავებულ პოზიციას არ აფიქსირებენ, შემდეგ გადაწყვეტილება განსხვავებულია, რაც მსჯელობის საგანი უნდა იყოს
დიმიტრი ხუნდაძე - გუნდში მსჯელობისას განსხვავებულ პოზიციას არ აფიქსირებენ, შემდეგ გადაწყვეტილება განსხვავებულია, რაც მსჯელობის საგანი უნდა იყოს

გუნდში მსჯელობისას განსხვავებულ პოზიციას არ აფიქსირებენ, შემდეგ გადაწყვეტილება განსხვავებულია, რაც მსჯელობის საგანი უნდა იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატმა, რომან კაკულიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„რომან კაკულიაზე ვფიქრობ, რომ ეს არის დეპუტუტის გადასაწყვეტი, კონკრეტულ მომენტში რა პოზიციას დაიჭერს და რა გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა, როცა გუნდში არის მსჯელობა და შიგნით, გუნდში არ აფიქსირებენ განსხვავებულ პოზიციას, შემდეგ კი, გადაწყვეტილება განსხვავებულია, რა თქმა უნდა, ეს მსჯელობის საგანი უნდა იყოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტმა გუშინ თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რომელსაც საქართველოს პირველი არხი გაეცნო,  ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მომხრე იყო 91 დეპუტატი, სამმა დეპუტატმა, მათ შორის ორმა უმრავლესობიდან კი, მხარი არ დაუჭირა.