დიმიტრი ხუნდაძე - „ფაიზერზე“ მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, საიტი გადაიტვირთა, ერთი მხრივ, კარგია, რომ მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია
დიმიტრი ხუნდაძე - „ფაიზერზე“ მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, საიტი გადაიტვირთა, ერთი მხრივ, კარგია, რომ მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია

„ფაიზერზე“ მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, საიტი გადაიტვირთა, ერთი მხრივ, კარგია, რომ მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია, – განაცხადა თემის კომენტირებისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

„ვაქცინების კუთხით არჩევანის საშუალება, ხედავთ, რომ ეტაპობრივად იზრდება. ქვეყანაში უკვე შემოვიდა „ფაიზერის“ ვაქცინაც. მასზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო; შესაბამისად, რეგისტრაციის პროცესიც საკმაოდ გადატვირთული იყო. ერთი მხრივ, კარგია, რომ მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია, იმდაგვარი, რომ ზოგჯერ გარკვეული ტექნიკური პრობლემებიც იქმნება. მაგრამ ამ საკითხებთან დაკავშირებით ამ წუთშიც მიდის მუშაობა და პრობლემა უახლოეს საათებში მოგვარდება. მთავარია, რომ აქტივობა არ შევანელოთ, ანუ აცრის სურვილი არის პრაქტიკულად არა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა, არამედ სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. ხედავთ, რომ „დელტა“ შტამის სიჭარბემ გამოიწვია ბავშვთა ინფიცირების დინამიკის ზრდა. ამიტომ ავიცრათ, თუნდაც იმიტომ, რომ სახლში ბავშვებს ვირუსი არ მივუტანოთ“, – აცხადებს ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საიტზე შეფერხება უკავშირდება საიტის გადატვირთულობას.

„მაგრამ თუ კიბერშეტევის რაიმე მცდელობები არის, შესაბამისი დარგის სპეციალისტები ამ მიმართულებითაც იმუშავებენ“, – განმარტა დეპუტატმა.

ვაქცინაციის საიტზე https://booking.moh.gov.ge ამ დროისთვის შეფერხებაა. მოქალაქეები მონაცემების შევსებას და ჯავშნების გაკეთებას ვერ ახერხებენ. „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო. ქვეყანამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონი დოზიდან პირველი პარტია, 28 000 დოზა გვიან ღამით მიიღო.