დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი ვალდებულებაა, რომ ხელი შევუწყოთ სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიებაში
დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენი ვალდებულებაა, რომ ხელი შევუწყოთ სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიებაში

ჩვენი ვალდებულებაა, რომ ხელი შევუწყოთ სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივი წესრიგი უნდა დამყარდეს და ქვეყანა არა მხოლოდ ემოციებით უნდა იმართოს.

„დამერწმუნებით, რომ ბოლო ოთხი დღე საკმაოდ მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. პრაქტიკულად, ჩვენ დავდექით სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოების ზღვარზე. სამართლიანი და გულწრფელი აქცია ვერ დასრულდა მომიტინგეთა, ჟურნალისტთა და სამართალდამცველთა ზიანის გარეშე. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება გვეხილა ჩვენ, რომ ადამიანებმა დაკარგეს თვალი. ორი ადამიანი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუციის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ძალისმიერი დაკავების მცდელობას. ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რასაც შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგი მოეტანა. ადგილი ჰქონდა საქართველოს შიდა და გარე მტრების მათი გეგმის განხორციელების მცდელობას, ვფიქრობ, დღეს უფრო ობიექტურად უნდა შევაფასოთ ვითარება და არა მხოლოდ ჩავრჩეთ ემოციებში.

ნიკანორ მელიას დაჭერას კი არ ვაძლევ მხარს ან ხმას, ეს არ არის ჩემი საქმე, აქ არის საუბარი მისი იმუნიტეტის დროებით შეჩერებაზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ვიღაცამ იმაზე, რაც მოხდა.

ჩვენ ვართ სახელმწიფო მართვის სადავეებთან და არა სადღაც სუფრაზე ან ქუჩაში. ზოგიერთი დეპუტატისგან, ოპოზიციის წარმომადგენლებს ვგულისხმობ, ხშირად მესმოდა, რატომ არ ვიჭერთ, ესენი დასაჭერები არიან, რატომ ვართ კოჰაბიტაციაში მათთან, დღეს მათგან სხვას ვისმენ. ჰუმანიზმს, ისევ ჩემს ძირითად პროფესიას მივადგები, მე ვერავინ მასწავლის, მაგრამ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე იძლევა ვალდებულებას, ძალიან ხშირად, რომ საკუთარი ემოციებიდან და, მითუმეტეს, იაფფასიანი პიარიდან გამოვიდეთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც არის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესში.

დიახ, მძიმეა ჩემთვის, დღეს დავაჭირო მწვანე ღილაკს, რომ ჩემს კოლეგას მოვუხსნა იმუნიტეტი, მძიმეა, მაგრამ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება მისი დაჭერის. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ხელი შევუწყოთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გამოიძიონ. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ მხოლოდ ნიკანორ მელიას ეკუთვნის ამ საქმეში ბრალი. სწორედაც, რომ სიღრმეში უნდა ჩავიდეს სამართალდამცავი ორგანოები, მე ამას თქვენ მოგიწოდებთ და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივი წესრიგი უნდა დამყარდეს და არა მხოლოდ ემოციებით ვმართოთ ქვეყანა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს პარლამენტმა თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რომელსაც საქართველოს პირველი არხი გაეცნო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მომხრე იყო 91 დეპუტატი, სამმა დეპუტატმა, მათ შორის ორმა უმრავლესობიდან კი, მხარი არ დაუჭირა.