დიმიტრი ხუნდაძე - მისაღებია, რომ პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა დღეს არ ჩატარდა და დამატებითი კონსულტაციები გაიმართება
დიმიტრი ხუნდაძე - მისაღებია, რომ პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა დღეს არ ჩატარდა და დამატებითი კონსულტაციები გაიმართება

ჩემი პოზიცია ცნობილი, მყარი და შეუცვლელია, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დეპუტატი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა გადაიდო.

„მოხარული ვარ, რომ უმრავლესობა ოპოზიციასთან ერთად შეთანხმდა, დღეს არ ჩატარდეს კენჭისყრა და ხვალ გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები უმრავლესობის ფორმატში. ეს ჩემთვის მისაღებია”, – განაცხადა ხუნდაძემ, რომელიც მოცემულ ეტაპზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს.

დეპუტატი ამბობს, რომ ეცდება, საკუთარი თანამოაზრეების რაოდენობა გაიზარდოს.

„ვეცდები, ამისთვის თანამოაზრეების ძალიან დიდი გუნდია. უკვე არა ის, რაც იყო გუშინ დილას, საღამოს ან თუნდაც დღეს დილას, ახლა უკვე მეტი ვართ. შევხედავთ, ჩვენ გვაქვს მთავარი მიზანი, რომ ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური ცხოვრება სწორად დავგეგმოთ. ასევე ის, რომ გუნდის ერთიანობა იყოს შენარჩუნებული და მთავარი, რომ შედეგი იყოს ორიენტირებული მხოლოდ პოზიტივზე და პერსპექტივაზე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ კენჭისყრის დღეს ჩატარების შემთხვევაში, საკითხი აუცილებლად ჩავარდებოდა.

კითხვაზე, იყო თუ არა უმრავლესობის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება, ხუნდაძე ამბობს, რომ დაპირისპირება იყო, მაგრამ არა ფიზიკური.

„არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ ამას, თუმცა იყო დარწმუნების მცდელობა, ეს არის ნორმალური. იყო ცოტა ცხელი საუბრები, უფრო მეტად გუნდის წევრებისგან, თუმცა ბიძინა ივანიშვილისგან ეს უკმაყოფილება მივიღე, რომ ამის მოთავე ვარ მე“, – განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალ უყრის კენჭს.