დიმიტრი ხუნდაძე - ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი და არ დამეზიანებინა საკუთარი გუნდი
დიმიტრი ხუნდაძე - ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი და არ დამეზიანებინა საკუთარი გუნდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო და გადაწყვეტილება ისე მიეღო.

თუმცა, ხუნდაძის თქმით, ის რჩება იგივე პოზიციაზე, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კონსტიტუციურ პროექტს მხარს არ უჭერს.

„ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი და არ დამეზიანებინა საკუთარი გუნდიც. შემდეგ ეს თხოვნა, შეიძლება ითქვას, იყო პრინციპული, მაგრამ ჩემს პოზიციაზე ვრჩები”, – განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, კითხვაზე საპასუხოდ ხუნდაძემ განაცხადა, რომ ხვალინდელ კენჭისყრაზე თუ არ დადგა ის შედეგი, რასაც ელოდება, შესაძლოა, დატოვოს გუნდი და დეპუტატის მანდატი.

„თუ ხვალ ის შედეგი არ დადგა, რასაც ველოდები და იმედი მაქვს, რომ დადგება, მაშინ არ დავაზიანებ არც საკუთარ გუნდს, რომელთანაც პოლიტიკაში მოვედი, რომელსაც პატივს ვცემ და იქ ბევრი მეგობარი და თანამოაზრე მყავს. შესაძლოა, გუნდი დავტოვო, მაგრამ ამავე დროს აუცილებლად დავტოვებ მანდატსაც. არ ვაპირებ, „ქართული იცნებიდან“ გავიდე და სხვა რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფში შევიდე“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილთან ერთი-ერთზე, პირისპირ შეხვედრა შედგა.

„შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან ერთი-ერთზე ვიყავი. ის თვლის, რომ ხვალ შეხვედრამდე კიდევ დავფიქრდები. მას სჯერა, რომ გავითვალისწინებ ძალიან ბევრ ასპექტს და ჩემს პოზიციას შევცვლი, მაგრამ არ ვიცი. მსუბუქი და მარტივი საუბარი არ იყო. ურთიერთპატივისცემა გვქონდა საუბრის დროს, მაგრამ პოზიციურად ზოგჯერ მკაცრიც, ზოგჯერ მომთხოვნიც იყო, თუმცა მანაც და მეც შევინარჩუნეთ ის პოზიციები, რაც გვქონდა“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ სად გაიმართა ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის შეხვედრა, თუმცა თქვა, რომ შეხვედრის ინციატორი თავად ივანიშვილი იყო.

„ეს დეტალები არ უნდა გაინტერესებდეთ. არასოდეს მიჭირს ბატონ ბიძინასთან კომუნიკაცია და ურთიერთობა, არც პოლიტიკაში შემოსვლამდე მიჭირდა. ეს პრობლემას არ წარმოადგენს. შეხვედრის ინიციატივა ამჯერად მისი იყო. მე და ბატონი ბიძინა ვიყავით პირისპირ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, ხუნდაძე ამბობს, რომ როგორც თავად მუშაობს ცვლილებების მოწინააღმდეგეთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ისე მუშაობენ კონსტიტუციური კანონპროექტის მიღების მომხრე მისი კოლეგები მხარდამჭერთა რაოდენობის გასაზრდელად.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში განხილვა გაგრძელდა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალ უყრის კენჭს. მაჟორიტარები კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.