დიმიტრი ხუნდაძე - არასდროს შეგვიქმნია შეზღუდვა, რომ ამა თუ იმ დეპუტატმა წარმოთქვას თავისი, თუნდაც წინააღმდეგობრივი აზრი
დიმიტრი ხუნდაძე - არასდროს შეგვიქმნია შეზღუდვა, რომ ამა თუ იმ დეპუტატმა წარმოთქვას თავისი, თუნდაც წინააღმდეგობრივი აზრი

ვფიქრობ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ უმრავლესობამ შეხვედრა ჩანიშნა, რადგან საკითხი მრავლადაა. ალბათ, გასაკვირი უნდა ყოფილიყო, თუკი ჩვენ, ახლა, არ შევიკრიბებოდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, განხილვის მთავარი საგანი, მიმდინარე მოვლენები იქნება.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ასევე იქნება გუნდურობის თემა. საუბარია იმ ფაქტზე, რომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზე კენჭისყრის დროს საპარლამენტო უმრავლესობის ორმა წევრმა მხარი არ დაუჭერა ამ ინიციატივას.

„ერთ-ერთი თემა ასევე იქნება გუნდურობის საკითხი. იყო ისეთი ვითარება, როდესაც გუნდში წინასწარ საკითხები იხილებოდა და სადაც პოზიცია ერთიანი უნდა ყოფილიყო, იქ, წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება პრაქტიკულად, არც ერთი დეპუტატისგან არ იყო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების დროს დაფიქსირდა სხვა რამ. რა თქმა უნდა, დეპუტატები თავისუფალნი არიან საკუთარ არჩევანში, საკუთარ გადაწყვეტილებაში, მაგრამ, როდესაც არის შეთანხმება და არ არის პრეტენზია, მაშინ გადაწყვეტილება უნდა იყოს იმდაგვარი, რაც არის გუნდური, საერთო შეთანხმება.

აქ, საუბარი არ არის დასჯაზე, ეს არის გუნდურობის აუცილებელი ანი და ბანი. გუნდი იკრიბება, რომ საკითხი უნდა იხილებოდეს. არასდროს შეგვიქმნია დისკომფორტი ან შეზღუდვა, რომ ამა თუ იმ დეპუტატმა წარმოთქვას თავისი, თუნდაც წინააღმდეგობრივი აზრი. არც ის შეგვიზღუდავს, რომ მიუხედავად გუნდური გადაწყვეტილებისა მათ დაეფიქსირებინათ საწინააღმდეგო პოზიცია, მაგრამ როდესაც გუნდში შიგნით, კონკრეტული დეპუტატი არ აფიქსირებს საწინააღმდეგო პოზიციას, მაგრამ პოზიცია ღილაკთან მიმართებაში არის შეთანხმებისგან განსხვავებული, რა თქმა უნდა, ეს მსჯელობას მოითხოვს. არავითარი სანქცია არ იქნება, უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რატომ აარიდეს თავი გუნდის შიგნით საუბარს და რატომ იყო გუნდს გარეთ სხვა გადაწყვეტილება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს პარლამენტმა 26 ივნისს თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის ოთხმა წევრმა.