დიმიტრი გვრიტიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას ტენდენციურსა და მიკერძოებულს უწოდებს
დიმიტრი გვრიტიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას ტენდენციურსა და მიკერძოებულს უწოდებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ გამოკითხვას ტენდენციურსა და მიკერძოებულს უწოდებს.

მისი თქმით, აღნიშნული გამოკითხვა „იფსოს ფრანსის” კვლევის შედეგების გადაფარვის მცდელობაა.

„ეკა გიგაურის ორგანიზაცია განაგრძობს ჭორაობას სარდაფში ჩატარებული კვლევებით, რომელიც მთლიანად ეფუძნება მისდამი ლოიალურად განწყობილი ფოკუსჯგუფების გამოკითხვას. ეს არის უბადრუკი მცდელობა, რომ გადაიფაროს მსოფლიოში მესამე ადგილზე მყოფი კვლევითი ორგანიზაციის „იფსოს ფრანსის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მიზანშეწონილად არ მიაჩნია კვლევის დეტალების მიმოხილვა.

„ეს ჩემთვის არ არის კვლევა, ეს არის ტენდენციური, მიკერძოებული, მეთოდოლოგია არის აბსოლუტურად გაუგებარი. კითხვარიდანაც ირკვევა, რომ არის მიკერძოებული. ამიტომ მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დეტალურად მიმოვიხილო კვლევის მონაცემები. ეს არის მცდელობა, გადაიფაროს ახლახან გამოქვეყნებული და მსოფლიოში ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია „იფსოს ფრანსის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები“, – აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მისი თქმით, ამ საკითხზე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილის შეფასებებს სწორედ „იფსოს ფრანსისა“ და „ენდაის“ მიერ ჩატარებულ კვლევას დაუპირისპირებს.

„ამ ორი კვლევის შედეგად, მოსახლეობის მხოლოდ სამიდან ათ პროცენტამდე არის აქტიურად დაინტერესებული სასამართლოში მიმდინარე მოვლენებით და ეროვნულ სახელმწიფოებრივ პრობლემად სასამართლოს მხოლოდ ეს მცირე ნაწილი მიიჩნევს. საზოგადოებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სხვა პრობლემები და ეს არის თითიდან გამოწოვილი, რასაც ე.წ. არასამთავრობო სექტორი წარმოადგენს პრობლემად სასამართლოში. ეს არის იმის გამოხატულება, რომ მათ და სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დაკარგეს ზეგავლენის ბერკეტები სასამართლო ხელისუფლებაზე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება შედგა“, – აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 83 პროცენტი მიიჩნევს, რომ სასამართლოში აღარ უნდა მუშაობდნენ მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ასევე, 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს. ამასთან, გამოკითხვის შედეგებით, 53 პროცენტი ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა.