„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - გამოკითხულთა 83 პროცენტი მიიჩნევს, რომ სასამართლოში აღარ უნდა მუშაობდნენ მოსამართლეები, რომლებიც ზეწოლით უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - გამოკითხულთა 83 პროცენტი მიიჩნევს, რომ სასამართლოში აღარ უნდა მუშაობდნენ მოსამართლეები, რომლებიც ზეწოლით უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა“ (CRRC-საქართველო) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულ რესპონდენტთა 83 პროცენტი  მიიჩნევს, რომ სასამართლოში აღარ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

კითხვაზე, „უნდა მუშაობდნენ თუ არა სასამართლოში ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ“, გამოკითხულთა 8 პროცენტი პასუხობს – „დიახ, ყველას უნდა მიეცეს გამოსწორების შანსი“,  83 პროცენტის პასუხია  – „არა, ასეთი მოსამართლეები აღარ უნდა მუშაობდნენ სასამართლოში“, 1 პროცენტი პასუხობს, რომ „ასეთი მოსამართლეები სასამართლო სისტემაში არასოდეს გვყოლია“, 8 პროცენტი – „არ ვიცი/უარი“.

გამოკითხულთა 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს. კითხვაზე, „არის თუ არა საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი (კლანი)“ 43 პროცენტი პასუხობს, რომ „დიახ“, 18 პროცენტი  – „არა“, 38 პროცენტი – „არ ვიცი/უარი“.

ამასთან, იმ 43 პროცენტიდან, ვინც მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს, 87 პროცენტი ფიქრობს, რომ მოსამართლეთა ამ გავლენიან ჯგუფს (კლანს) მოქმედი ხელისუფლების წევრები უჭერენ მხარს, 3 პროცენტი პასუხობს, რომ  – „არა“. 10 პროცენტი  – „არ ვიცი/უარი“.

ამავე 43 პროცენტიდან კითხვაზე, უნდა დატოვონ თუ არა სასამართლო სისტემა მოსამართლეთა ამ გავლენიანი ჯგუფის (კლანის) წევრებმა, 94 პროცენტი პასუხობს „დიახ“, 3 პროცენტი  – „არა“, 4 პროცენტი  – „არ ვიცი“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოკითხვა. საშუალო ცდომილება 2,3 პროცენტს შეადგენს.