დიმიტრი გვრიტიშვილი - გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია
დიმიტრი გვრიტიშვილი - გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

„შედეგები არის ძალიან კარგი, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის აღიარების, სასამართლოს ეფექტურობის თვალსაზრისით. გამოკითხული არიან როგორც მოქალაქეები ასევე სასამართლოს მოსარგებლეები, პროფესიული ჯგუფები, პროკურორები, ადვოკატები და ზოგადად ტენდენცია არის დადებითი, ანუ გამოკითხულთა უმრავლესობა – 51% მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო არის ეფექტური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51%, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55% მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.

„სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი)“ კვლევა კონსორციუმებმა IPSOS France და „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს.