დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძე ცდილობს, მოსამართლეთა კორპუსი დისკრედიტებულად წარმოაჩინოს
დიმიტრი გვრიტიშვილი - ანა დოლიძე ცდილობს, მოსამართლეთა კორპუსი დისკრედიტებულად წარმოაჩინოს

მოსამართლეებს აქვთ უფლება, თუ მიიჩნევენ, რომ საბჭოს წევრი მისდამი იქნება წინასწარ უარყოფითად განწყობილი და მიკერძოებული, მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ანა დოლიძის სარჩელთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, შემფასებლის აცილება არის მოსამართლის უფლება და თუ მას გაუჩნდება მოსაზრება, რომ ესა თუ ის წევრი იქნება არაობიექტური, შეუძლია, დააყენოს შემფასებლის აცილების საკითხი.

„ანა დოლიძე შემოსულია საბჭოში და სასამართლო სისტემაში კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით, რომ მაქსიმალურად არიოს სიტუაცია და წარმოაჩინოს მოსამართლეთა კორპუსი დისკრედიტებულად საზოგადოების წინაშე, ჩვენ ამის შესახებ ვსაუბრობდით ფაქტებით. იგი აფიქსირებს პოზიციას ისეთ საკითხებზე, რომელიც სასამართლო სისტემას სცილდება. ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე მან თქვა სრული სამართლებრივი აბსურდი, რომ ის არის პრეზიდენტის წარმომადგენელი სასამართლოში. მოსამართლეებს აქვთ უფლება, თუ მიიჩნევენ, რომ საბჭოს წევრი მისდამი იქნება წინასწარ უარყოფითად განწყობილი და მიკერძოებული, მათ შეუძლიათ, განაცხადონ აცილება და რა თქმა უნდა, ისევ განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურას და თუ საბჭოს წევრთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აცილების საფუძველი არსებობს, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

რაც შეეხება უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების მიერ ანა დოლიძის აცილების საფუძვლებს, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ანა დოლიძის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ დოლიძე როგორც შემფასებელი, ვერ იქნებოდა ობიექტური.

„ის ფაქტი, რომ კონკრეტულად არავისზე უსაუბრია და საუბრობდა ზოგადად, გამოვიდა ისე, რომ მისი საუბარი მთელს მოსამართლეთა კორპუსს მიემართებოდა. მან მიუთითა მოსამართლეები, რომლებიც იხილავდნენ სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეებს, მართალია კონკრეტული გვარები არ დასახელებულა, თუმცა, რომ დასახელებულიყო, უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, რადგან  კონკრეტულად იდენტიფიცირებული მოსამართლეები შეძლებდნენ თავიანთი თავის აღმოჩენას და გამოიყენებდნენ სამართლებრივ შესაძლებლობებს, თუნდაც სარჩელის აღძვრასაც. ეს განცხადება ნიშნავდა იმას, რომ კონკრეტული მოსამართლეები, რომლებიც მობრძანდებოდნენ გასაუბრებაზე და რომელთაც განხილული ჰქონდათ 2012 წლამდე ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის საქმეები, მათ მიმართ ცალსახად საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა გამოავლინა უარყოფითი დამოკიდებულება, რამაც შექმნა ის მოცემულობა, რომ იგი ვეღარ ჩაითვლებოდა მიუკერძოებელ და ობიექტურ შემფასებლად“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.