თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ანა დოლიძე უვადოდ გამწესების პროცესში მოსამართლეთა მხრიდან მისი აცილების შესახებ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. დოლიძე მიიჩნევს, რომ აცილება სასამართლო რეფორმების აუცილებლობისა და სისტემაში პრობლემების აღმოფხვრის შესახებ მის კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება.

სასამართლო პროცესზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იურისტი დოლიძის სარჩელს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება კანონთან შესაბამისობაშია და მისი ბათილად ცნობა დაუშვებელია.

ანა დოლიძის ინტერესებს საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“  (საია) იცავს. ორგანიზაციის იურისტის,  სულხან სალაძის თქმით, საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კრიტიკას ვერ უძლებს.

სალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ სამომავლოდ საბჭოს წევრს მუშაობაში ხელი არ შეეშალოს და მისი კრიტიკული განცხადება აცილების საფუძველი არ გახდეს, დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს. ის საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებასაც არ გამორიცხავს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც დღეს მოსამართლე დაეყრდნო, შესაცვლელია, რადგან რეალურად ზღუდავს საბჭოს წევრის უფლებას, იყოს კრიტიკული.

„არ ვიცი რას ეფუძნება სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსამართლემ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა დღეს, თუმცა ერთი რამ მნიშვნელოვანია – მოპასუხე მხარე არ უარყოფდა, რომ ეს იყო ზოგადი განცხადება, მოსამართლეთა ნაწილმა შეიძლება მიიჩნია, რომ მათთან მიმართებაში ეს ანა დოლიძის მხრიდან არაობიექტურობის საფუძველი იქნებოდა. რატომ არ ჩათვალეს მოსამართლეობის დანარჩენმა კანდიდატებმა, რომ მათთან მიმართებაშიც შეიძლებოდა ყოფილიყო ანა დოლიძე არაობიექტური. თავად მოპასუხის პოზიცია არ ეფუძნებოდა რამე კონკრეტულ მტკიცებულებებს.

გადაწყვეტილება, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, რადგან ის შეფასებები, რასაც დოლიძე აკეთებდა, არ შეეხებოდა არც ერთ კონკრეტულ პირს. არის აუცილებლობა იმისა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდეს ყველა ისტანციაში“, – განაცხადა სალაძემ.

მოსამართლეთა უვადოდ გამწესების მიზნით გასაუბრება საბჭომ რამდენიმე თვის წინ ჩაატარა, რომლის დროსაც 15-მდე მოსამართლემ ანა დოლიძე აიცილა. ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი მისი მხრიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებები იყო.

დატოვე კომენტარი