დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის შეჩერების კანონიერი საფუძველი არ არსებობს
დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის შეჩერების კანონიერი საფუძველი არ არსებობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურებს კანონიერების და მიზანშეწონილობის მიმართულებით არავითარი პრობლემა არ აქვს.

„ჯანეზაშვილს დღეს არაფერი ახალი არ უთქვამს, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიდის მსჯელობა და არაერთი კომენტარი გავაკეთეთ. პირველ როგში, უნდა აღინიშნოს, რომ ნათესაური ურთიერთობა საბჭოს წევრებს შორის არ არსებობს, ეს თავად მათაც დაადასტურეს და ამ ბრალდების ავტორებსაც არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

რაც შეეხება ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევას, ხაზი უნდა გაესვას, რომ ჩემს შემთხვევაში სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცედურა მიმდინარეობს, მე იმ ერთ-ერთ პროცედურაში, სადაც ვარ კანდიდატი, არც ერთ ეტაპზე მონაწილეობას არ ვიღებ, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. რაც შეეხება დანარჩენ ორ პროცედურას, სადაც მე კანდიდატად არ ვმონაწილეობ, კანონით მაქვს ვალდებულება, მივიღო მონაწილეობა და კანდიდატები შევაფასო. ამიტომ საკითხები, რაზეც დღეს ჯანეზაშვილმა ისაუბრა, დიდი ხნის წინ  გავლილია. მიმდინარე პროცედურას პრობლემა არ აქვს, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცედურას.

რაც შეეხება ვადებს, კანონით განსაზღვრული მკაცრი ვადები არ არის. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები იყო, მათ შორის ოდირის მისიის, ვენეციის კომისიის და არასამთავრობო სექტორისაც, რომ არაა მიზანშეწონილი, მოკლე ვადებში გაიმართოს და დასრულდეს, რადგან საქმე ეხება სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის დაკომპლექტებას. მიზანშეწონილია, რომ ეს პროცედურა ხასიათდებოდეს გარკვეული ხანგრძლივობით და ასეთი გადაწყვეტილებები შემჭიდროვებულ ვადებში არ იქნას მიღებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ მიმდინარე პროცედურებს კანონიერების და მიზანშეწონილობის მიმართულებით არავითარი პრობლემა არ გააჩნია“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

რაც შეეხება პროცედურის შეჩერებაზე „ლელოს“ მოთხოვნას, გვრიტიშვილის თქმით, ამის კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს და სხვა საკითხია რა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს თითოეულ პოლიტიკურ პარტიას.

„აქაც იგივე არგუმენტებზე, გარკვეულ რაღაც პოლიტიკურ მოსაზრებებზე დაყრდნობით, რომელიმე პოლიტიკოსი, თუნდაც ქალბატონი ჯანეზაშვილი და ნებისმიერი პირი, რომელიც ითხოვს პროცედურის შეჩერებას, ამას სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია, სხვა არის პოლიტიკური დღის წესრიგი, სხვა საკითხია, რა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს თითოეულ პოლიტიკურ პარტიას“, – აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის შეჩერებას ითხოვს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შეფასებით, ოქტომბერში დაწყებული კონკურსის დროს გამოვლინდა არაერთი დარღვევა. ჯანეზაშვილის თქმით, დარღვევები ეხება როგორც კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, ასევე ინტერესთა კონფლიქტს.