ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის შეჩერებას ითხოვს
ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის შეჩერებას ითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის შეჩერებას ითხოვს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის შეფასებით, ოქტომბერში დაწყებული კონკურსის დროს გამოვლინდა არაერთი დარღვევა. ჯანეზაშვილის თქმით, დარღვევები ეხება როგორც კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, ასევე ინტერესთა კონფლიქტს.

„დარღვევები ეხება ვადებს. კანონით არის დადგენილი კონკრეტული ვადები, როდესაც უნდა დაიწყოს კანდიდატების მოსმენა. მეორე და მესამე კონკურსის დროს ეს ვადები არ ყოფილა დაცული და გასაუბრება დღემდე არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ იანვარსა და თებერვალში უნდა დაწყებულიყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კითხვებს აჩენს უშუალოდ გასაუბრების მიმდინარეობის პროცესი პირველ კონკურსთან მიმართებით, რომელმაც მიიღო არასტაბილური ხასიათი და ამ საკითხზე დამაჯერებელი პასუხი არ გაუცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ასევე, დარღვევები შეეხება ინტერესთა კონფლიქტს. ეს შეეხება დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელიც მონაწილეობს იმ კონკურსში, სადაც ის აფასებს თავის კონკურენტებს და ეს არის ცალსახა, სერიოზული პრობლემა. მას არ უნდა ჰქონდეს ამის უფლებამოსილება, ვინაიდან ეს არის ერთი მთლიანი პროცესი. დაახლოებით 25 კანდიდატი მეორდება. ისინი მონაწილეობენ ან ორ კონკურსში ან სამივეში. ეს ნიშნავს, რომ გვრიტიშვილის კონკურენტები ამ ეტაპზეც არიან და შემდეგ ეტაპებზეც. ასევე ირაკლი შენგელიასთან დაკავშირებით: მისი ცოლის ძმა არის, რომელსაც უნდა, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ასევე, მისი ბიძაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შენგელია ჩამოშორდა გასაუბრების პროცესს, მას ჰყავს დაკავშირებული პირები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ერთი მხრივ, ნათელმირონით ზაზა ხარებავა და მეორე თამარ ღვამიჩავა, რომელიც ამბობს, რომ საერთო წინაპარი ჰყავთ. შუამავალი რგოლი ამ შემთხვევაში გამოდის ირაკლი შენგელია, რომელსაც ჰყავს კანდიდატები ნათესავები და ასევე, საბჭოში მისი ნათესავები. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება და კონკურსი აღარ გააგრძელოს, ვინაიდან არის დარღვევები. ევროკომისიის ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევაზე კანონი არის დასახვეწი და ვფიქრობ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.