დიმიტრი ცქიტიშვილი - არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე მეტი შესაძლებლობა ჰქონოდა, ვიდრე გააკეთა 
დიმიტრი ცქიტიშვილი - არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე მეტი შესაძლებლობა ჰქონოდა, ვიდრე გააკეთა 

დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი პრინციპულ ბრძოლას აცხადებს და მათ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მძევლად დაიტოვეს.

ჟურნალისტებთან საუბარში ცქიტიშვილი აცხადებს, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა და ექიმის გასათავისუფლებლად პროცესი არ უნდა შენელდეს.

„არ მგონია, ხელისუფლებას რამე იმაზე მეტი შესაძლებლობა ჰქონოდა, ვიდრე გააკეთა. როგორც ჩანს, მის გმირულ დამოკიდებულებას ასეთი მეთოდებით პასუხობენ. ალბათ მცდელობაა, რომ ეს ადამიანი გატეხონ. კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. ეს პროცესი არ უნდა შენელდეს, რომ ამ ტყვეობიდან დავიხსნათ. სხვა შემთხვევებში,  ადმინისტრაციული ჯარიმებით ათავისუფლებდნენ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვინაიდან ე.წ. საზღვრის კვეთა არ აღიარა, ალბათ, ჯიბრში ჩაუდგნენ და უნდათ, სამაგალითოდ დასაჯონ. ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს სცილდება”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს გაიმართა.

ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.