დიმიტრი ცქიტიშვილი - მამუკა ხაზარაძემაც არ დაადასტურა ხელისუფლების ჩარევა, ოპოზიცია ყველა თემის პოლიტიზებას ცდილობს
დიმიტრი ცქიტიშვილი - მამუკა ხაზარაძემაც არ დაადასტურა ხელისუფლების ჩარევა, ოპოზიცია ყველა თემის პოლიტიზებას ცდილობს

ოპოზიცია ნებისმიერი თემის პოლიტიზებას ცდილობს, საკითხში ხელისუფლების ჩარევა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემაც არ დაადასტურა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეჭვების თავიდან ასაცილებლად, გამოძიებამ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი უნდა გასცეს.

„მამუკა ხაზარაძემაც არ დაადასტურა ამ საქმეში ხელისუფლების ჩარევა. ფაქტია, ოპოზიცია ცდილობს, ყველაფერი მიაწეროს ბიძინა ივანიშვილს, პოლიტიზება მოახდინოს ნებისმიერი თემის. შედეგი გვაჩვენებს არის ეს პოლიტიკური პროცესი, თუ არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება აპოლიტიკური პროცესი. „თიბისი ბანკი“ ერთ-ერთი მსხვილი, სტაბილური და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში. ბუნებრივია, მისი დამფუძნებლების მიმართ კითხვები, საზოგადოებაშიც დამატებით კითხვებს აჩენს და სანამ გამოძიება მიმდინარეობს, ეს კითხვები ღიაა. ვფიქრობ, ყურადღებით უნდა განხორციელდეს საგამოძიებო პროცესი და მისი დასრულების შედეგად, ყველა კითხვაზე უნდა იყოს პასუხი, რათა არანაირი ეჭვი არ დარჩეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხარაძემ განაცხადა, ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში არანაირი შეფერხება არ არის, თუმცა აშფოთებს ფაქტი, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა, ეროვნული ბანკი გამოძიების დამთავრებამდე აკეთებს განცხადებას.  ამასთან, მისი თქმით, მზად არის, ეროვნულ ბანკთან დიალოგის რეჟიმში წარიმართოს სიტუაციიდან გამოსავლის ძიება, რათა თავიდან იყოს აცილებული ქვეყნის ეკონომიკაზე შესაძლო ნეგატიური ზეგავლენა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას 2018 წლის 2 აგვისტოდან აწარმოებს.