დიმიტრი ცქიტიშვილი - გარკვეული დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებები, რომელიც შესაძლოა, სულ არ იყოს დამოუკიდებელი, ევროპარლამენტის პოზიციას არ წარმოადგენს
დიმიტრი ცქიტიშვილი - გარკვეული დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებები, რომელიც შესაძლოა, სულ არ იყოს დამოუკიდებელი, ევროპარლამენტის პოზიციას არ წარმოადგენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტისა და ევროკომისიის შეფასებით, საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესი პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობს.

მისივე თქმით, არის გამოწვევები, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური შეფასებებია ერთი მხრივ, პარლამენტის და მეორე მხრივ, ევროკომისიის მხრიდან. ამ შეფასებების მიხედვით, ქვეყანაში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესი პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობს.

რა თქმა უნდა, არის გამოწვევები. დღის წესრიგის განხორციელების შუა პერიოდში ვართ და არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა. გარკვეული საკითხებში წინმსწრებითაც ვართ, თუმცა ის, რომ დინამიკა პოზიტიურია, დაფიქსირდა და ძალიან აშკარა მოცემულობაა. ამიტომ დამატებითი სპეკულაციები, თითქოს იქ რაღაც სხვა ხდება, არასწორია“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, გარკვეული დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებები, რომელიც შესაძლოა, სულ არ იყოს დამოუკიდებელი, ევროპარლამენტის პოზიციას არ წარმოადგენს.

„საბოლოო დასკვნა, ალბათ, წლის ბოლოს იქნება. შეჯერდება პოლიტიკურ ჯგუფებში და ვნახავთ უკვე როგორი შეფასება იქნება რეალურად ევროკავშირში“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს. 

კომიტეტში ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარადგინა. მისი განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში აჩვენებს, რამდენად შორს წავიდნენ ქართველები ევროინტეგრაციის გზაზე.

გარდა ამისა, მიწვეულმა ექსპერტმა ნონა მიხელიძემ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის ალტერნატიული ვარიანტი წარადგინა, რომელიც ძირითადი მოხსენებისგან განსხვავებით, მწვავედ კრიტიკული იყო.