დიდი ზეიმი ბუენოს აირესში - არგენტინის ნაკრებს სამშობლოში გულშემატკივრები ფოიერვერკებით დახვდნენ #1TVSPORT
დიდი ზეიმი ბუენოს აირესში - არგენტინის ნაკრებს სამშობლოში გულშემატკივრები ფოიერვერკებით დახვდნენ #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი ბუენოს აირესში გვიან ჩაფრინდა, არგენტინის ეროვნულ გუნდს ათასობით გულშემატკივარი ელოდა და თავის საყვარელ გუნდს ფოიერვერკებით დახვდნენ.

თვითმფრინავიდან პირველი მწვრთნელი ლიონელ სკალონი და გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი გავიდნენ, კაპიტანმა მაშინვე მსოფლიო ჩემპიონის თასი ასწია, რომელსაც არგენტინა 36 წელი ელოდა (ბოლოს არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი 1986 წელს გახდა).

ამის შემდეგ სპეციალური ორსართულიანი ღია ავტობუსით, წარწერით „მსოფლიო ჩემპიონები“, მოთამაშეები ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ. როდესაც ავტობუსი არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის მიმართულებით მიდიოდა, მცირე ინციდენტი მოხდა – რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის მესი და ლეანდრო პარედესი, მეორე სართულზე ისხდნენ, როცა ავტობუსმა ელექტრო კაბელების ქვეშ გაიარა, ფეხბურთელებმა საშიშროებას თავი დროულად აარიდეს.

ქალაქის ქუჩების შემოვლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონები რესპუბლიკის მოედნის ცენტრში მდებარე ობელისკთან მივიდნენ. გუნდი არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა მიიღო, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან განსხვავებით, კატარში ფინალურ შეხვედრას არ დასწრებია, მაგრამ ცხადია გუნდს გულშემატკივრობდა. მატჩის შემდეგ კი საკუთარ Twitter-ზე მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც გამარჯვებას აღნიშნავდნენ.

„მადლობა ფეხბურთელებს და ტექნიკურ სტაფს. მათ აჩვენეს, რომ არ უნდა დანებდნენ, ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს“ – წერს არგენტინის პრეზიდენტი.

ფერნანდესმა სამშაბათი (20 დეკემბერი) დღესასწაულად გამოაცხადა, რათა ყველა არგენტინელს სათანადოდ ეზეიმა თავისი საყვარელი გუნდის დიდი გამარჯვება.

ლურჯ-თეთრ მაისურში გამოწყობილი ათი ათასობით ადამიანი მღეროდა, ცეკვავდა, მესის სახელს სკანდირებდა. გარდა ამისა, გულშემატკივრებმა გაშალეს ბანერები არგენტინული ფეხბურთის ლეგენდის დიეგო მარადონას გამოსახულებით.

შეგახსენებთ, 18 დეკემბერს, კატარში, „ლუსალის“ სტადიონზე, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, არგენტინის ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.