დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მიეცა
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების ყალბი აქტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს და თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9 000 კვ.მ მოცულობის მიწის ნაკვეთებს, რომლის საბაზრო ღირებულება 164 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.