დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე სავარაუდო პრეტენდენტი უკვე სახელდება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე სავარაუდო პრეტენდენტი უკვე სახელდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ტერეზა მეის შემცვლელად რამდენიმე პრეტენდენტი უკვე მოიაზრება.

ბრიტანული მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ სავარაუდო კანდიდატად საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი მოიაზრება. ის ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო.

პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებს შორის ბრექსიტის საკითხებში ყოფილი მინისტრი დომინიკ რააბიც არის. ის გასული წლის ნოემბერში ბრექსიტის შეთანხმების პირობებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გადადგა.

გარდა ამისა, პრემიერობის პრეტენდენტებად ადგილობრივ მედიაში სახელდებიან გარემოს დაცვის მინისტრი მაიკ გოუვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი, შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი.

კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატი დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის ყოფილი ლიდერი ანდრეა ლიდსომია, რომელიც მიმდინარე კვირას გადადგა და მიზეზად ტერეზა მეის პოზიციის მიუღებლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ლიდსომი 2016 წელს პრემიერობის კანდიდატებს შორის იყო, თუმცა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და მხარდაჭერა ტერეზა მეის გამოუცხადა.

როგორც დიდი ბრიტანეთის მმართველ კონსერვატიულ პარტიაში განაცხადეს, ქვეყანაში ახალ პრემიერ-მინისტრს ივლისის ბოლომდე აირჩევენ.

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მიმდინარე წლის 7 ივნისს დატოვებს.