"დიდი 10"-ის რეგულარული სეზონი დასრულდა
"დიდი 10"-ის რეგულარული სეზონი დასრულდა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის – “დიდი 10”-ის რეგულარული სეზონი დასრულდა. კლუბებმა მე-18 ტურის შეხვედრები ჩაატარეს და ახლა უკვე პლეიოფისათვის მოემზადებიან.

საპლეიოფო ზონაში “ლოკომოტივი”, ქუთაისის “აია”, გორის “ჯიქი”, “ბათუმი”, “ლელო სარასენსი” და რუსთავის “ხარები” მოხვდნენ. “დიდ 10”-ში ადგილი “აკადემიამ” და “არმაზმა” შეინარჩუნეს. “არმია” გადათამაშებაში ბოლნისის “ყოჩებს” ან ქუთაისის “არესს” დაუპირისპირდება. ქუთაისის “ბაგრატი” ავტომატურად პირველ ლიგაში დაქვეითდა და მის ადგილს უმაღლეს დივიზიონში პატარძლეულის “ვეფხვები” დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ “ვეფხვები” პირველი გუნდია კახეთიდან, რომელიც “დიდ 10”-ში იასპარეზებს.

ბოლო ტურში “არმაზი” “ლელო სარასენსს” დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 19:17 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი ლელო 64-ე წუთზე საბა ბერაძემ დადო. აუტსაიდერი “არმია” პირველ ადგილოსან “ლოკომოტივთან” დიდი ანგარიშით 17:78 დამარცხდა. საგულისხმოა, რომ “ლოკომოტივმა” ქუთაისის “აიას” ლიდერობა ბოლო ტურში აართვა. ორივე კლუბმა 70 ქულა მოაგროვა, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებლის გამო პირველ ადგილზე თბილისური კლუბი გადავიდა. ქუთაისელები ბოლო ტურში “ხარებს” ესტუმრნენ და მატჩი 9 ქულიანი უპირატესობით 24:33 მოიგეს. გორის “ჯიქმა” “ბათუმს” უმასპინძლა და მძიმე შეხვედრაში 12:15 დამარცხდა. ბათუმელებს გამარჯვება ბახვა კობახიძის მიერ 78-ე წუთზე შესრულებულმა საჯარიმო დარტყმამ მოუტანა. ტურის ბოლო მატჩში ბოლო ადგილოსანი “ბაგრატი” “აკადემიასთან” 7:40 დამარცხდა.

პლეიოფის პირველი შეხვედრა 21 აპრილს, გორში გაიმართება, სადაც ადგილობრივი “ჯიქი” რუსთავის “ხარებს” უმასპინძლებს. 22 აპრილს კი “ბათუმი” “ლელო სარასენსს” დაუხვდება.