დღეს ლეგენდარული დინამოელის, რევაზ ჩელებაძის დაბადების დღეა #1TVSPORT
დღეს რევაზ ჩელებაძის დაბადების დღეა. თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელი, რომელიც გულშემატკივარს განსაკუთრებით უყვარდა და პელეს მიბაძვით „ჩელეს“ ეძახდნენ, 69 წლის გახდა. ის ცნობილი იყო, როგორც პენალტების სანახაობრივი შემსრულებელი.
1955 წლის 2 ოქტომბერს ქობულეთში დაიბადა და კარიერა „შუქურაში“ ვალერიან ჩხარტიშვილთან დაიწყო. 1974–1975 წლებში ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, ხოლო შემდეგ იყო თბილისის „დინამო“, სადაც 1976-1981 წლებში თამაშობდა და პირველივე სეზონში თავი შედეგიანი თამაშით გამოიჩინა.
1976 წელს სადებიუტო სეზონში გუნდთან ერთად გახდა ბრინჯაოს პრიზიორი, ხოლო 3 სექტემბერს თასსაც დაეუფლა, რომლის ფინალშიც თბილისელებმა ერევნის „არარატი“ 3:0 დაამარცხეს, ახალბედა თავდამსხმელმა კი 68-ე წუთზე გაიტანა და ამ ისტორიული შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჩელებაძე „დინამოში“ ახალკაცის პერიოდის თითქმის ყველა წარმატების მონაწილე იყო. გუნდთან ერთად გახდა ვიცე-ჩემპიონი, ჩემპიონი, მეორედ დაეუფლა თასს. თუმცა, ნოდარ ახალკაცმა 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში გამართულ თასების მფლობელთა თასის ფინალზე არ წაიყვანა – შედეგად, 1982 წელს თბილისის „დინამოდან“ მცირე ხნით პირველი ლიგის ლანჩხუთის „გურიაში“ გადავიდა.
1983–1985 წლებში კვლავ ბათუმის „დინამოში“ გადავციდა, სადაც 1984 წელს 37 შეხვედრაში გატანილი 27 გოლით პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შემდეგ კი ახალკაცმა დააბრუნა „დინამოში“, სადაც კარიერა 1987 წელს დაამთავრა.
რევაზ ჩელებაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 173 მატჩი ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა. 1977–1980 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების (7 შეხვედრა, 3 გოლი) წევრი, ხოლო 1980 წელს ზაფხულის 22-ე ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ გუნდში ორი მატჩი ჩაატარა.
კარიერის შემდეგ იყო ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი (1990–1994, 1995, 1996), ქობულეთის „შუქურას“ პრეზიდენტი (1990), რუსთავის „მეტალურგის“ პრეზიდენტი (1996–1997), 1995 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა. მუშაობდა საფეხბურთო აგენტად, მისი ცნობილი კლიენტები იყვნენ შალვა აფხაზავა, ჯანო ანანიძე, საბა კვირკველია.
2011 წელს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად რევაზ ჩელებაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
2012 წლის 25 სექტემბერს ქობულეთის სატდიონის მის საპატივცემულოდ „ჩელე-არენა“ ეწოდა. 2022 წლის 13 ივლისს, „ბათუმი არენაზე“, რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა. მისი შვილი, გიორგი ჩელებაძე ფეხბურთელი იყო და ახლა ქობულეთში საფეხბურთო სკოლას ხელმძღვანელობს.
„დინამოს“ ლეგენდამ თავი ადამიანური თვისებებითაც გამოიჩინა. 1986 წლის 26 აპრილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტექნოგენური კატასტროფა მოხდა. რევაზ ჩელებაძემ კიევის „დინამოს“ მოთამაშეთა ოჯახები მიიღო, რადგან უკრაინაში დასხივების რეალური საფრთხის წინაშე იყვნენ.