დღეს განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით შსს-ში გამოკითხვები მიმდინარეობს
დღეს განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით შსს-ში გამოკითხვები მიმდინარეობს

დღეს განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი გამოკითხა. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოკითხვები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით – მე დავბრუნდები (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.