დღეს გაიმართება საბავშვო ევროვიზია, რომელზეც საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია მეორე ნომრად წარდგება
დღეს გაიმართება საბავშვო ევროვიზია, რომელზეც საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია მეორე ნომრად წარდგება

დღეს, 19 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე პარიზში გაიმართება რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია, რომელშიც 19 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

ტრადიციულად, საბავშვო ევროვიზიის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია „ლა სენ მუსიქალის“ სცენაზე მეორე ნომრად წარდგება.

პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერით „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles) წარდგება.

საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა მიმდინარეობს და შეგიძლია, საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ხმა მისცე ნიკო ქაჯაიას.

ხმის მიცემა მიმდინარეობს ვებგვერდზე – vote.junioreurovision.tv და შეწყდება 19 დეკემბერს, საბავშვო ევროვიზიის კონცერტის დაწყებამდე, შემდეგ კი, კვლავ განახლდება 15 წუთით, მას შემდეგ, რაც ყველა საკონკურსო სიმღერა შესრულდება.

საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, შეგიძლია, ხმა მისცე კიდევ ორ კონკურსანტს. შენი ხმა განსაზღვრავს საბოლოო შედეგის ნახევარს, მეორე ნახევარს კი ჟიური გადაწყვეტს. გაიმარჯვებს ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს.