დღეს ერთა ლიგის წილისყრაა - საქართველო ლიდერების კალათაშია
დღეს ერთა ლიგის წილისყრაა - საქართველო ლიდერების კალათაშია

2 მარტიდან, ჰოლანდიის დედაქალაქი ამსტერდამი „უეფა“-ს (UEFA) კონგრესს მასპინძლობს. ამსტერდამში დაგეგმილი სამი მნიშვნელოვანი ღონისძიებიდან ერთი – აღმასკომის წლის პირველი შეკრება, უკვე გაიმართა.

ჩვენთვის მნიშნელოვანი ამბავი დღეს, 3 მარტს დაგეგმილი „უეფა“-ს კონგრესია და ამის შემდეგ გასამართი „უეფა“-ს ერთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის გათამაშების წილისყრაა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2018 წლის სეზონზე D ლიგაში მონაწილეობდა და რადგან 16 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა, C ლიგაში გადაინაცვლა. რაც მთავარია, „ჯვაროსნები“ D ლიგის მონაწილეებიდან ერთადერთი ნაკრებია, რომელიც I კალათაში მოხვდა.

C ლიგა

I კალათა – საბერძნეთი, ალბანეთი, ჩერნოგორია, საქართველო

II კალათა – ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, კვიპროსი

III კალათა – ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი

IV კალათა – სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა

ნაკრებები 4-4-გუნდიან ოთხ ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფის გამარჯვებულები B ლიგაში დაწინაურდება. C ლიგის ორი ყველაზე ცუდი გუნდი D ლიგაში დაქვეითდება.

ეს ორი გუნდი პლეიოფის საშინაო და გასვლითი მატჩებით გაირკვევა. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ოთხი გუნდი, რომლებიც C ლიგის ჯგუფებში მეოთხე ადგილს დაიკავებენ.

„უეფა“-ს ერთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის გათამაშების წილისყრას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ამსტერდამიდან რეპორტაჟი 21:00 საათზე დაიწყება.