დღეიდან ბაგა-ბაღების პერსონალის გადამზადება დაიწყო
დღეიდან ბაგა-ბაღების პერსონალის გადამზადება დაიწყო

დღეიდან საბავშვო ბაგა-ბაღების პერსონალის, კერძოდ მეთოდისტების გადამზადება დაიწყო. გადამზადება აღმზრდელ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ მოდულის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც განათლების სამინისტრომ დაამტკიცა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგების გავლის შემდეგ მეთოდისტები თავად გახდებიან ტრენერები და უკვე აღმზრდელებს გადაამზადებენ.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგ-მოდულის სამიზნე ჯგუფები არიან პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ აღმზრდელ-პედაგოგის დადგენილ მოთხოვნებს, სურვილი აქვთ დასაქმდნენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში აღმზრდელ-პედაგოგად; ასევე პირები, რომლებიც უკვე დასაქმებული არიან აღნიშნულ დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორად ან მეთოდისტად. ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის ორი საათი.

სამინისტროს ბრძანების თანახმად, ადრეული და სკოლამდელი ასაკი არის ყველაზე სწრაფი განვითარების ეტაპი ადამიანის სიცოცხლეში.

ტრენინგების თემებს შორისაა: რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნის მოქალაქეს, რას გულისხმობს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი და ბავშვის უფლებათა კონვენცია, როგორია ბავშვის განვითარების ძირითადი მახასიათებლები და ა.შ.

ტრენინგების დროს განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა „მრავალფეროვნების ხელშეწყობა“, „თანასწორობა“ „მიმღებლობა“ „განსხვავებულის პატივისცემა“. ტრენინგების შინაარსის თანახმად, აღმზრდელმა თვალყური უნდა მიადევნოს ყველაფერს, რასაც აკეთებს ან ამბობს ბავშვი და გააკეთოს შესაბამისი ობიექტური ჩანაწერები.

ბავშვის მიღწევების, უნარების, შესაძლებლობების და ინტერესების შესახებ ინფორმაცია ბავშვის პორტოფლიოში უნდა აისახოს. იგულისხმება ისეთი მასალები, როგორიცაა ბავშვის ნაწერის, ნაჯღაბნის ნიმუშები; ბავშვის მიერ შექმნილი ნამუშევარი ნებისმიერ მასალაში (ნახატი, ნაძერწი, აპლიკაცია, კოლაჟი და ა.შ.), სხვადასხვა საქმიანობის ან ბავშვის ნამუშევრის ამსახველი ფოტოები, აუდიო/ვიდეო ჩანაწერები. ტრენინგების ერთ-ერთი მიზანია, მონაწილეებს შეეძლოთ ბავშვზე ძალადობის ნიშნების ამოცნობა. მონაწილეები გაითამაშებენ მშობელთან შეხვედრას, რისი მიზანიცაა ბავშვზე ძალადობის უარყოფითი გავლენების ახსნა.

ტრენინგ-მოდულის შეფასება ხორციელდება 100-ქულიანი სისტემით, საიდანაც მის წარმატებით გასავლელად მონაწილემ უნდა დააგროვოს 60 ქულა, რის შემდეგაც გადაეცემა ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ტესტების შინაარსს განსაზღვრავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.