დევისის თასის ახალი ფორმატი დამტკიცებულია
დევისის თასის ახალი ფორმატი დამტკიცებულია

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მხარი დაუჭირა დევისის თასის ფორმატის ცვლილებას, – წერს ჟურნალისტი ბენ როტენბერგი „ტვიტერში“.

ორლანდოში გამართულ სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად ხმების ორი მესამედი იყო საჭირო. საბოლოოდ, ფორმატის ცვლილებას მხარი 71-მა პროცენტმა დაუჭირა.

დევისის თასი უკვე 118 წელია არსებობს. ახალ სეზონში მას შეცვლის ახალი ტურნირი – World Cup of Tennis Finals. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ პარტნიორულ შეთანხმებას მიაღწია საინვესტიციო ჯგუფ Kosmos-თან, რომლის პრეზიდენტია „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების მცველი ჟერარ პიკე.

ახალი ფორმატის თანახმად, ტურნირი გაიმართება ნოემბერში, ერთი კვირის განმავლობაში. 16 გუნდი განაწილდება ჯგუფებში, რომლებშიც გაირკვევა რვა მეოთხედფინალისტი. თითოეული მატჩი შედგება ორი ერთეულთა მატჩისგან და ერთი წყვილთა შეხვედრისგან. ყველა თამაში სამსეტიანი ფორმატის იქნება.