დევისის თასი - საქართველომ ლუქსემბურგში 0:5 წააგო და მესამე ჯგუფში დაქვეითდა
საქართველოს ნაკრებმა 0:5 წააგო დევისის თასის მატჩი ლუქსემბურგთან და ევროპა/აფრიკის ზონის მესამე ჯგუფში დაქვეითდა.
პირველი დღის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრები 0:2-ს აგებდა. შაბათს თავიანთი მატჩები წააგეს ზურა ტყემალაძემ და გიორგი ცივაძემ. არადა, ეს უკანასკნელი უგო ნასტასის წინააღმდეგ მატჩზე აწვდიდა, მაგრამ დამარცხდა.
კვირას განრიგით პირველი წყვილთა მატჩი იყო. ლუქსემბურგელთა მხრიდან კორტზე გავიდნენ ჟილ მიულერი და ნასტასი, ქართველების მხრიდან – ცივაძე და ალექსანდრე მეტრეველი. ბრძოლა მატჩში პრაქტიკულად არ ყოფილა. ლუქსემბურგელებმა პირველ სეტში მხოლოდ ერთი ბრეიკი იკმარეს, მეორეში სამჯერ აიღეს მეტოქის მოწოდება და საათსა და ცხრა წუთში 6:3, 6:1 მოიგეს.
ამ მოგებით, ლუქსემბურგმა მატჩში გამარჯვება და ევროპა/აფრიკის ზონის მეორე ჯგუფში დარჩენა გაინაღდა.
კვირის დარჩენილი ორი მატჩი ფორმალობა გახდა და გუნდების კაპიტნებმა სარეზერვო მოთამაშეებს დაუთმეს კორტი: ალექს კნაფმა ვაჟა შუბლაძეს 6:1, 6:2 მოუგო, კრისტოფ ტოლმა კი 6:4, 6:4 დაამარცხა ზურა ტყემალაძე.
საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ორი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი სეტის მოგება შეძლო. 2019 წლის სეზონში ჩვენი გუნდი ევროპა/აფრიკის ზონის მესამე ჯგუფში ითამაშებს, რაც რანგით მეოთხე დივიზიონია.