დევისის თასი | საბა ფურცელაძემ საქართველოს ნაკრებს პირველი გამარჯვება მოუპოვა - პირდაპირი რეპორტაჟი ტელესკოლაზე #1TVSPORT
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე, მსოფლიო ჯგუფი II-ში, ტუნისის ნაკრებს ეთამაშება. მატჩები კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში, კერძოდ კი, შატო მეფის ქალაქის საჩოგბურთო კორტებზე მიმდინარეობს.
ტურნირის პირველ დღეს ქართველმა ჩოგბურთელმა, საბა ფურცელაძემ (ATP-ის რეიტინგში 450-ე) ტუნისელი მოწინააღმდეგე მოეზ ეჩარგუი (299), ორ სეტში დამაჯერებლად, 6:1, 6:4 დაამარცხა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
დღესვე ტურნირზე ერთეულთა თანრიგის მეორე შეხვედრაში ზურა ტყემალაძე (698) ანგარიშის ორამდე გაზრდას შეეცდება. ორ ნაკრებს შორის შეხვედრები 15-16 სექტემბერს ჩატარდება, გამარჯვებული კი 2024 წლისთვის მსოფლიო ჯგუფი I-ის პლეი ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ხვალ, 16 სექტემბერს, ჯერ წყვილთა შორის მატჩი გაიმართება, ხოლო შემდეგ კიდევ ორი დაპირისპირება ერთეულთა თანრიგში. გამარჯვებული ის ნაკრები იქნება, რომელიც სამ მატჩს მოიგებს.
საქართველოს ნაკრებში ამჯერადაც არ გახლავთ ნიკოლოზ ბასილაშვილი – ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელმა, ივნისის დასაწყისში, მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა და მას მერე კორტზე არ გამოჩენილა. ქართველ ჩოგბურთელებს ტუნისელებთან ორჯერ უთამაშიათ და ორივე შემთხვევაში ჩვენმა ვაჟებმა გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: საბა ფურცელაძე (450), ზურა ტყემალაძე (698), ალექსანდრე მეტრეველი (826) და ალექსანდრე ბაკში (841).
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს ტელესკოლა გთავაზობთ.