დევიდ კრამერი ირმა ინაშვილთან ინციდენტზე - მე არ ვიცი, ვინ იყო ქალბატონი, რომელიც შემოვიდა, ჩემი პასუხისმგებლობა იყო, კონფერენცია დღის წესრიგის მიხედვით გაგრძელებულიყო
დევიდ კრამერი ირმა ინაშვილთან ინციდენტზე - მე არ ვიცი, ვინ იყო ქალბატონი, რომელიც შემოვიდა, ჩემი პასუხისმგებლობა იყო, კონფერენცია დღის წესრიგის მიხედვით გაგრძელებულიყო

მე არ ვიცი, ვინ იყო მამაკაცი, რომელიც კონფერენციაზე მიკროფონთან იდგა, არ ვიცი, ვინ იყო ქალბატონი, რომელიც შემოვიდა, ისინი ხელს უშლიდნენ კონფერენციის მსვლელობას ძალიან უხეშად,  – ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა განაცხადა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

„მინდოდა, კამერებს დაეტოვებინა ოთახი, რათა შეგვძლებოდა კონფერენციის განახლება. კონფერენციაში მონაწილეობისთვის მათ უნდა გაევლოთ რეგისტრაცია. ჩემი პასუხისმგებლობა იყო, რომ გაგრძელებულიყო კონფერენცია დღის წესრიგის მიხედვით“, – განაცხადა კრამერმა.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ მიმდინარეობს, ხმაური იყო.  კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიერი ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.