დეპუტატი ანდრეი დერკაჩი - პოროშენკოს მინდა, ვუთხრა, რომ ჩანაწერების გამოქვეყნებას ცალკე ტელეარხი დასჭირდება, წარმოიდგინეთ, გვხვდება ჩანაწერები ქართულ ენაზე, რა რთულია მათი თარგმნა
დეპუტატი ანდრეი დერკაჩი - პოროშენკოს მინდა, ვუთხრა, რომ ჩანაწერების გამოქვეყნებას ცალკე ტელეარხი დასჭირდება, წარმოიდგინეთ, გვხვდება ჩანაწერები ქართულ ენაზე, რა რთულია მათი თარგმნა

უკრაინელმა დეპუტატმა, ანდრეი დერკაჩმა კვლავ გაასაჯაროვა სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, რომელშიც ერთმანეთს ესაუბრებიან ადამიანები, რომელთა ხმები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდნეტის, ჯო ბაიდენის ხმებს ჰგავს. აღნიშნული ჩანაწერების პრეზენტაციაზე ანდრეი დერკაჩმა განაცხადა, რომ მას კიდევ აქვს ჩანაწერები, რომელთა ხანგრძლივობა „ასობით საათია“.

მისივე თქმით, „ზოგიერთი ჩანაწერი ქართულ ენაზეა“.

„ბატონი პოროშენკო აცხადებდა, რომ ჩვენ ჩანაწერების მხოლოდ ნაწილს ვაქვეყნებთ. მინდა, ვუთხრა მას, რომ ასობით საათის ხანგრძლივობის ჩანაწერების გამოქვეყნებას ცალკე ტელეარხი დასჭირდება. მეტიც, წარმოიდგინეთ, როდესაც გვხვდება ჩანაწერები ქართულ ენაზე, რა რთულია მათი თარგმნა“, – განაცხადა დერკაჩმა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე, რომელიც დერკაჩმა სააგენტო „ინეტრფაქსის“ ოფისში ყოფილ პროკურორ კონსტანტინ კულიკასთან ერთად გამართა, წარადგინა რამდენიმე აუდიოჩანაწერი, რომელშიც ადამიანები, რომელთა ხმები პეტრო პოროშენკოსა და ჯო ბაიდენის ხმებს ჰგავს, სხვადასხვა საკითხებზე საუბრობენ.

კერძოდ, „ბაიდენი“ მოუწოდებს „პოროშენკოს“, არ გადააყენოს თანამდებობიდან უკრაინის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ნეფტოგაზის“ ხელმძღვანელი. ამას გარდა „ბაიდენი“ დაჟინებით მოითხოვს უკრაინაში ტარიფების გაზრდას, რაც მისი თქმით, უკრაინისთვის ეკონომიკური დახმარების გადაცემის წინაპირობაა.

სატელეფონო საუბარში განიხილება უკრაინული ბანკის, „პრივატბანკის“ ნაციონალიზაციის საკითხიც. ასევე განიხილება უკრაინის მთავრობის საკადრო საკითხები. მათ შორის, პროკურორად იური ლუცენკოს დანიშვნა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი.

დეპუტატი დერკაჩი ამტკიცებს, რომ ეს ჩანაწერები არის მტკიცებულება, რომ „უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსნები და პრეზიდენტიც კი უცხოეთიდან იმართებოდნენ და თვალსაჩინო ხდება საერთაშორისო კორუფციული სქემები, რომლებსაც სათავეში აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უდგას“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჩანაწერები დერკაჩმა პირველად 19 მაისს გაასაჯაროვა. მაშინ, ჩანაწერებში საუბარი იყო უკრაინის გენერალურ პროკურორ ვიქტორ შოკინზე, რომლის გათავისუფლებასაც ითხოვდა ჩანაწერში ადამიანი, რომლის ხმაც ბაიდენისას ჰგავდა. შოკინის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში უკრაინის პროკურატურაში იძიებდნენ ენერგეტიკული კომპანია „ბურისმას საქმეს“, რომლის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო ბაიდენი ვაჟი ჰანთერიდერკაჩის მიერ მაისში გამოქვეყნებულ ჩანაწერში ფიგურირებდა უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე.

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაიწყო და ექსპრეზიდენტი დაკითხვაზე გამოიძახა, რომელზეც პოროშენკო არ გამოცხადდა. ახალი ჩანაწერების გამოქვეყნების კომენტირებისას უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩანაწერები ყალბი და ფალსიფიცირებულია და მიზნად ისახავს უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრას.