მედიის ცნობით, უკრაინელი დეპუტატის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის სახელიც ფიგურირებს

უკრაინელი დეპუტატის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის სახელიც ფიგურირებს. საუბარი ეხება დამოუკიდებელი დეპუტატის, ანდრეი დერკაჩის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს, რომელშიც აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ასევე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშნეკოს ხმებთან მიმსგავსებული ადამიანები საუბრობენ.

უკრაინული მედიის ცნობით, ეს ჩანაწერები უკვე გადაეგზავნა უკრაინის პროკურატურას. ერთ-ერთ აუდიოფაილში, რომლიც 2015 წლის 3 დეკემბრით არის დათარიღებული, ერთმანეთთან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საუბრობენ.

მედიის ინფორმაციით, საუბარი ეხება უკრაინის ყოფილი პროკურორის, ვიქტორ შოკინის გათავისუფლების მოთხოვნას, რომელიც, როგორც დონალდ ტრამპის ადვოკატი რუდი ჯულიანი ამტკიცებს, უკრაინის ხელისუფლებამ ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ წამოწყებული გამოძიების გამო დაითხოვა.

ჩანაწერში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ხმასთან მიმსგავსებული ადამიანი ფაქტობრივად ითხოვს პოროშენკოსგან უკრაინის ყოფილი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

„მე ამაყი ვარ, როგორც შევთანხმდით თქვენთან და თქვენს იუსტიციის სამინისტროსთან და თქვენი საელჩოს ბიჭებთან. გენერალური ინსპექციის ოფისი ჩამოყალიბებულია. მას უწევს კოორდინაციას არა გენერალური პროკურორი, არამედ გენერალური პროკურორის მოადგილე, ბატონი საყვარელიძე, როგორც ჩვენ შევთანხმდით, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან და ელჩთან“, – აცხადებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პორშნეკოს ხმით მოსაუბრე ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, ამ აუდიოჩანაწერების ავთენტურობა არც უკრაინის პროკურატურას და არც დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჯერ არ დაუდასტურებია.

ამასთან, როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, უკრაინელი დეპუტატი, რომელმაც სკანდალური ჩანაწერები პროკურატურას გადასცა, 2019 წელს კიევში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატ რუდი ჯულიანის, რომელიც ამ დროს ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენისა და უკრაინული კომპანია „ბურისმას“ საქმიანობას იძიებდა.

როგორც ცნობილია, ჰანთერ ბაიდენი 2014 წელს უკრაინული კომპანიის მმართველთა საბჭოში დანიშნეს.

ამ საქმეს უკავშირდება აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურაც. შეგახსნებთ, რომ „დემოკრატებმა“ ტრამპის იმპიჩმენტის ერთ-ერთ მიზეზად მის მიერ უკრაინის პრეზიდენტზე განხორცილებული ზეწოლა დაასახლეს. საუბარია სატელეფონო მოლაპარაკებებზე, რომელიც მოგვიანებით გასაჯაროვდა და სადაც ტრამპი რამდენჯერმე ეუბნება უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, დაინტერესდეს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საქმით.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი არ შედგა, რადგან სენატში ტრამპის მხარდამჭერი „რესპუბლიკელები“ უმრავლესობას წარმოადგენენ და მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უარყვეს ისე, რომ ამ საქმეზე მოწმეების დაკითხვაც არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ჯო ბაიდენი არის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც „დემოკრატიული პარტიიდან“ გაუწევს მეტოქეობას მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

უკრაინელმა დეპუტატმა, ანდრეი დერკაჩმა ქვეყნის გენერალურ პროკურატურას აუდიოჩანაწერები გადასცა. როგორც უკრაინული მედია წერს, სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერებში, სავარაუდოდ, ისმის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ასევე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ხმა. უკრაინელი დეპუტატი ამტკიცებს, რომ „ეს საუბრები ადასტურებს საერთაშორისო კორუფციის ფაქტებს და სახელმწიფო ღალატს უმაღლეს დონეზე“. მისივე თქმით, აღნიშნული საუბრები 2015-2016 წლებში მიმდინარეობდა. დეპუტატი ამბობს, რომ ჩანაწერები გამომძიებელი ჟურნალისტებისგან მიიღო. მედიის ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ დეპუტატ ანდრეი დერკაჩის მიმართვის საფუძველზე გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.