დენის ბერგკამპი - არამფრინავი ჰოლანდიელი | ტაიმაუტი
დენის ბერგკამპი - არამფრინავი ჰოლანდიელი | ტაიმაუტი

დენისს ფეხების გაშლა უნდოდა, მაგრამ თვითმფრინავის ვიწრო და დაბალ სალონში ტანითაც ვერ გაიმართებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ იწყებოდა მატჩი „ნაპოლისთან“, ბერგკამპი კი ვერაფერზე ფიქრობდა, გარდა ამ დაწყევლილი ფრენისა.

დამამშვიდებელი არ შველოდა. თვითმფრინავი ისეთი ძველი იყო, რომ ჰაერში კარგი ამინდის დროსაც ირწეოდა. ბერგკამპი სავარძლის სახელურს ჩაეჭიდა და ილუმინატორს მიაშტერდა, მაგრამ იქ მხოლოდ რუხი წყვდიადი იყო – ძველი თვითმფრინავი ღრუბლების თავზე ვერ ადიოდა. მან თვალები დახუჭა და შეეცადა – არაფერზე ეფიქრა. განსაკუთრებით იმაზე, რომ ხვალ უკან უნდა ეფრინა იგივე თვითმფრინავით.

* * *

პანიკური შეტევები ბერგკამპს 1989 წელს დაეწყო ტრაგედიის შემდეგ: ამსტერდამის აკადემიაში მისი მეგობარი ვირჯელ იუმანკჰანი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. „აიაქსში“ ყოფნისას, დენისს შემოტევები იშვიათად ჰქონდა, რადგან ჰოლანდიურ კლუბს გასვლაზე ფრენა თითქმის არ უწევდა. 1994 წელს, „ინტერში“ გადასვლის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა: ფრენა ნებისმიერ გასვლით მატჩზე უწევდა, თანაც პროპელერიანი ძველი თვითმფრინავით. ეს ძალიან აღიზიანებდა ბერგკამპს. „ინტერში“ პირველი სეზონი მან მხოლოდ და მხოლოდ აბების წყალობით გადაიტანა.

სიტუაცია აშშ-ში მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის შემდეგ გაუარესდა. ნაკრები ორლანდოდან დალასში ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩზე მიფრინავდა. ბერგკამპმა, ჩვეულებრივ, დამამშვიდებელი დალია და ყველაფერი, მეტ-ნაკლებად, მშვიდად მიდიოდა, სანამ ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა სტიუარდესას არ გამოუცხადა, რომ სალონში ბომბი ჰქონდა. თვითმფრინავში პანიკა დაიწყო, საჭირო გახდა ავარიული დაშვება. პოლიციამ „ხუმარა“ ჟურნალისტი დააპატიმრა და ქვეყნიდან გააძევა, ჰოლანდიაში კი ის სამუშაოდან დაითხოვეს, მაგრამ ბერგკამპს ამან ვერ უშველა – მან უმძიმესი სტრესი გადაიტანა.

ყველაფრის მიუხედავად, ბერგკამპმა ძლიერი ტურნირი ჩაატარა (სამი გოლი ხუთ მატჩში და გავარდნა მეოთხედფინალში ბრაზილიასთან), მაგრამ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ცხადი გახდა, რომ გამოფიტული იყო: „სასტუმროში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი. კანკანლმა ამიტანა და შინ გაფრენამდე ძალიან ავნერვიულდი. მართლაც რაღაც არ მქონდა წესრიგში, მდგომარეობა პანიკურთან ახლოს იყო. ფეხები, ხელები და მთელი სხეული დამიმძიმდა. რაღაცნაირად მოვახერხე თვითმფრინავამდე მიღწევა“.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, პანიკა ჩაცხრა, მაგრამ ფიზიკური მდგომარეობა საშინელი იყო – დაღლილობის გამო, ბერკგამპმა გადაბმულად 48 საათი იძინა. ნაკრების ექიმმა ჰოლანდიელს სრულფასოვანი შვებულება გამოუწერა. დენისმა და მისმა მეუღლემ საფრანგეთის სამხრეთით სახლი იქირავეს. მაგრამ ფეხბურთელი იქაც ვერ იშორებდა დაღლილობას: „იქაც კი საკუთარ თავს არ ვგავდი. არდადეგები იმისთვის არის, რომ დაისვენო და ელემენტები დამუხტო. მე კი, ამჯერად, არაფერი მახარებდა – არც ზღვა, არც პლაჟი. სახლშიც კი მყუდროდ ვერ ვგრძნობდი თავს”.

ფეხბურთელმა „ინტერში“ დარეკა და შეკრებაზე დაბრუნების გადავადება ითხოვა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ოტავიო ბიანკიმ უარი უთხრა. საბოლოოდ, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ, ჰოლანდიელმა მხოლოდ 10 დღე დაისვენა და იტალიაში გამოფიტული დაბრუნდა.

ახალ სეზონში კოშმარი გაგრძელდა: პატარა საკლუბო თვითმფრინავით თვეში ორჯერ-სამჯერ უწევდა ფრენა. სწორედ იმ სეზონში ფობიამ პიკს მიაღწია. ფრენის წინაშე შიში ბერგკამპს თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ეწყებოდა – როგორც წესი, ღამე არ ეძინა. გასვლით მატჩებზე მუდმივად ცაში იყურებოდა, სახლში მგზავრობაზე ფიქრობდა და ამოწმებდა – ხომ არ ფუჭდებოდა ამინდი. თვითმფრინავის პატარა ზომის გამო, ფრენის შიშს კლაუსტროფობია დაემატა. „ეს ჯოჯოხეთი იყო“, – დაწერა 20 წლის შემდეგ ცხოვრების ამ პერიოდზე დენისმა. პანიკური ფიქრების გამო, ის ვერ ახერხებდა თამაშზე კონცენტრირებას: „ინტერში“ გატარებულ მეორე სეზონში მხოლოდ ხუთი გოლი გაიტანა.

ბოლო წვეთი იყო მგზავრობა ფლორენციაში 1994-95 წლების სეზონის ბოლოს. ამჯერად, პანიკური შეტევა დენისს პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე დაემართა. თვითმფრინავის დანახვისას, საშინელმა შიშმა შეიპყრო და კატეგორიული უარი განაცხადა სალონში ასვლაზე. ფლორენციაში ის მეუღლემ ავტომობილით წაიყვანა. ბერგკამპი კი იმ დღეს საბოლოოდ მიხვდა, რომ დაიღალა მუდმივი შიშისგან და გადაწყვეტილება მიიღო: ცხოვრებაში აღარასოდეს ჩამჯდარიყო თვითმფრინავში.

ამის შემდეგ, „ინტერთან“ თანამშრომლობა დასრულდა: ჰოლანდიელმა არ აპატია კლუბს ორი წელი კოშმარი, იტალიელები კი აღშფოთებულნი იყვნენ დაბალი შედეგიანობით და გასვლით მატჩებზე ფრენაზე უარის თქმით. ფეხბურთელით „არსენალი“ დაინტერესდა და თავისთვის სარეკორდო 13 მილიონი ევრო გადაიხადა. ბერგკამპს ისე ძლიერ უნდოდა „ინტერიდან“ წასვლა, რომ დათანხმდა ყველაფერს ინგლისური კლუბის ბოსების პირველივე სატელეფონო ზარის შემდეგ. როცა ფეხბურთელს „არსენალში“ ყიდდა, მასიმო მორატიმ ასეთი რამ თქვა: „გამართლება იქნება, თუ სეზონში 10 გოლს გაიტანს“.

გასაოცარია, მაგრამ ფრენაზე უარის თქმამ ბერგკამპზე დადებითად იმოქმედა: „სასწაული იყო – ისევ ვიგრძენი უჩვეულო თავისუფლება. ისევ შემეძლო შეზღუდვების გარეშე ფეხბურთის თამაში და „არსენალში“ კარიერაზე კონცენტრაცია“.

* * *

ახალ კლუბში იცოდნენ ფეხბურთელის ფობიის შესახებ და კომპრომისი იპოვნეს: შედარებით ახლო გასვლებზე ჰოლანდიელი საკლუბო ავტობუსით ან მატარებლით მიემგზავრებოდა, შორეულ მგზავრობებს ევროთასებზე – ტოვებდა. ამგვარი გრაფიკი ხელფასზე აისახა: ბერგკამპს ციფრები არ გაუმხელია, მაგრამ თქვა, რომ საერთო შემოსავლის მეათედ ნაწილს კარგავდა.

ახალმა პარტნიორებმა მაშინვე შეიტყვეს ბერგკამპის უცნაურობის შესახებ და ეს მათ ძალიან ამხიარულებდათ.

მას „არამფრინავი ჰოლანდიელი“ შეარქვეს. თუ ვინმე იკითხავდა: „სად არის დენისი?“ მას ასე პასუხობდნენ: „ერთი კვირის წინ გაემგზავრა თამაშზე“.

ყველაზე აქტიურად ჰოლანდიელზე მაშინდელი „არსენალის“ ყველაზე „გიჟი“ ფეხბურთელი რეი პარლორი ხუმრობდა. „გაუკეთეთ ძილის წამალი და შეაგდეთ თვითმფრინავში“, – ხუმრობდა ყოველი მგზავრობის წინ. ხანდახან, პარლორი ურეკავდა ბერგაკამპს, როცა ჰოლანდიელი საკლუბო ავტობუსით ბრუნდებოდა შინ. „როგორ ხარ?“ – ეკითხებოდა რეი ტელეფონით. „დონკასტერს ვუახლოვდები“. „გასაგებია. მე უკვე სახლში შევდივარ“.

სტრესის მთავარი წყაროს მოშორების შემდეგ, ჰოლანდიელი საბოლოოდ გაიხსნა და „არსენალის“ ძირითადის მოთამაშე გახდა. პირველ სეზონში მან 16 გოლი გაიტანა.

დენისში ცვლილებებს მისი მეუღლე ჰენრიტაც ამჩნევდა: „ფობია არ გამქრალა, მაგრამ, ახლა, ის თავსატეხი აღარ არის, ჩვენ შეგვიძლია ამით ცხოვრება. როცა მან გადაწყვიტა, რომ აღარ იფრენდა, შინაგანად შესამჩნევად დამშვიდდა. და ეს სიმშვიდე გაცილებით ძვირფასია, ვიდრე რამდენიმე საათი, რომელსაც ფრენით მოიგებ“.

პირველ ხანებში, კლუბი ევროთასების გასვლით მატჩებზე ბერგკამპის არყოფნას ტრავმებით ხსნიდა, მაგრამ მალე ამგვარი აუცილებლობა გაქრა. 1996 წელს, „ინდეპენდენტ“-თან (The Independent) ინტერვიუში ჰოლანდიელმა საჯაროდ პირველად აღიარა თავისი ავადმყოფობის შესახებ: „უკვე ორი წელია არ მიფრენია. ამას ვერაფერს ვუხერხებ. ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა და ვფიქრობ, ვინმეს დახმარებისთვის მივმართო“.

ჰოლანდიელი ექიმებთან მაინც არ წავიდა, ამიტომაც, მანქანით შორეული მგზავრობები არსად გამქრალა. ხანდახან, მინდორზე გასასვლელად, ბერგკამპი გზაში რამდენიმე დღეს ატარებდა. 1999 წელს, „არსენალი“ „ფიორენტინას“ ხვდებოდა ჩემპიონთა ლიგაზე, ჰოლანდიელმა ავტომობილით 1760 კილომეტრი დაფარა და ამისთვის ორი დღე დახარჯა.

გრძელი მოგზაურობები არ ღლიდა და ძაბავდა: „არსენ ვენგერს მიაჩნდა, რომ ამგვარი მოგზაურობა დამღლიდა, მაგრამ ასე არ არის. მირჩევნია მანქანით მოგზაურობა, რადგან ასეთ შემთხვევაში საკუთარი დროის პატრონი თავად ხარ. ბოლოს და ბოლოს, ეს მოსახერხებელია. ჩემს მანქანაში ძალიან კარგი სალონია, იქ ყველა პირობაა შექმნილი გზაში ნორმალური დასვენებისთვის“. ეს იოლი დასაჯერებელია, რადგან ბერგკამპი დიდი „რეინჯ როვერ სპორტ“-ით (Range Rover Sport) გადაადგილდებოდა, რომლის სალონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოხერხებულია.

ამგვარი მოგზაურობებისთვის გაძლება არც ისე იოლი იქნებოდა, რომ არა ვიკ ეიკერსი. ინგლისელი „არსენალში“ 1986 წლიდან მუშაობდა, 1987 წელს შექმნა ქალთა გუნდი, ვენგერის შტაბში კი ეკიპირებაზე იყო პასუხისმგებელი. ეიკერსი და ბერგკამპი დამეგობრნენ და ინგლისელი ფეხბურთელს თითქმის ყველა მგზავრობისას ახლდა, რომლის დროსაც მუდმივად ლაპარაკობდნენ ცხოვრებასა და ფეხბურთზე. ერთხელ, საკლუბო ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ბერგკამპმა აღიარა, რომ უყვარს ეიკერსი და ის ერთადერთია გუნდში, ვინც ის არ მიატოვა.

არსენ ვენგერი აფასებდა ბერგკამპის ამგვარ მსხვერპლს, მაგრამ მაინც არ იყო აღფრთოვანებული გრძელი მგზავრობებით. 2001 წლის მარტში, „არსენალს“ ელოდა მატჩი „ლიონის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ რაუნდში და ჰოლანდიელმა წილისყრის დასრულებისთანავე განაცხადა, რომ ორ დღეს გაატარებდა გზაში. ამის ნაცვლად, ვენგერმა არ შეიყვანა განაცხადში და გააკრიტიკა ჰოლანდიელი წინდაუხედაობისთვის: „მე მაწუხებს, რომ დენისი ამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს გზაში. ის გუნდს დასვენებული სჭირდება“. ბერგკამპი აღშფოთდა მწვრთნელის ამგვარი გადაწყვეტილებით („ეს არის დიდი ტურნირი ევროპის საუკეთესო გუნდებით, რა საჭიროა ჩემზე და თვითმფრინავებზე ლაპარაკი?“), მაგრამ იძულებული იყო მიეღო ვენგერის პოზიცია და დაერეგულირებინა ამგვარი მოგზაურობების რაოდენობა.

გულშემატკივრებთან კიდევ უფრო რთული იყო. მათ უყვარდათ ჰოლანდიელი, მაგრამ, ხანდახან, მისი არყოფნა მნიშვნელოვან მატჩებში აბრაზებდა მათ. 1997 წლის შემოდგომაზე „არსენალი” უეფას თასის პირველ რაუნდში ხვდებოდა პაოკ-ს. ინგლისელებმა წააგეს საბერძნეთში პირველი მატჩი და გავარდნენ ტურნირიდან, გულშემატკივრებმა კი ამაში ბერგკამპი დაადანაშაულეს, რომელმაც უარი თქვა სალონიკიში გამგზავრებაზე (2725 კილომეტრი ლონდონიდან).

დროთა განმავლობაში, ის ისე შეეგუა თავის მდგომარეობას, რომ აღარ ფიქრობდა ექიმების დახმარებაზე, საბოლოოდ, ბერგკამპმა არ მოატყუა საკუთარი თავი: 1995 წლის იმ შეტევის შემდეგ, ის ერთხელაც არ ჩამჯდარა თვითმფრინავში. ევროთასებზე მგზავრობების გარეშეც, ბერგკამპი „არსენალის“ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გახდა და გუნდში 11 სეზონი გაატარა.

დენისი მზად იყო ერთადერთი გამონაკლისი დაეშვა ნაკრების გამო. 7 ივნისს, ჰოლანდიელები თამაშობდნენ ევრო-1996-ის შესარჩევ მატჩს მინსკში. ბერგკამპი გეგმავდა გუნდთან ერთად ფრენას და მივიდა კიდეც ნორდვეიკში ნაკრების ბაზაზე. მთელი ღამე გაოფლილმა უძილოდ გაატარა და დილისთვის თავის თავს გამოუტყდა, რომ არ შეეძლო ფრენა. გუნდის ექიმთან ფრიტც კესელთან და მთავარ მწვრთნელ გუუს ჰიდინკთან საუბრისას, მან ახსნა სიტუაცია და დაადასტურა: „მე არასოდეს ვიფრენ“.

ამის გამო, მან ნაკრებში კარიერა ევრო 2000-ის შემდეგ დაასრულა: მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი იაპონიასა და კორეაში იმართებოდა, სადაც მანქანით მისვლა შეუძლებელი იყო.

კარიერის დასრულების შემდეგ, ბერგკამპს ხშირად ეკითხებოდნენ – ნანობს თუ არა იმას, რომ აეროფობიის გამო ტოვებდა თამაშებს. ჰოლანდიელს ასეთი კითხვები ართობდა: „პირიქით, ფრენაზე უარის თქმა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. როცა მოვრჩი ფრენას, თავი თავისუფალ ადამიანად ვიგრძენი. მქონდა არჩევანი: გამევლო გრძელი თერაპია ან, უბრალოდ, უარი მეთქვა ფრენებზე. მეორე ავირჩიე და ყველამ მიიღო ეს გადაწყვეტილება“.