„დემოკრატები“ და ჯონ ბოლტონი დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს, თუკი დადასტურდება, რომ რუსეთი „თალიბებს“ ავღანეთში ამერიკულ ძალებზე თავდასხმის სანაცვლოდ ანაზღაურებას სთავაზობდა
„დემოკრატები“ და ჯონ ბოლტონი დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს, თუკი დადასტურდება, რომ რუსეთი „თალიბებს“ ავღანეთში ამერიკულ ძალებზე თავდასხმის სანაცვლოდ ანაზღაურებას სთავაზობდა

„დემოკრატები“ და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები დააწესონ, თუ დადასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ანაზღაურების გადახდას სთავაზობდა „თალიბებს“ ავღანეთში ამერიკულ ძალებზე თავდასხმის სანაცვლოდ.

წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მოსკოვს საფასური უნდა აზღვევინოს.

„ჩვენ უნდა განვიხილოთ, რომელი სანქციები შეესაბამება რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“, – განაცხადა ადამ შიფმა.

გავრცელებულ ინფორმაციაზე დონალდ ტრამპის რეაგირებას „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა „ვალდებულების შეუსრულებლობა“ უწოდა, პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა კი, განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს თუ შეესაბამება, ის ამერიკელებზე პირდაპირი თავდასხმის ტოლფასია.

„ეს მოითხოვს ძალიან სერიოზულ რეაგირებას. ეს შეიძლება, იყოს ასიმეტრიული ეკონომიკური სანქციები“, -აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.

გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული მხარე ავღანეთში ამერიკელებზე თავდასხმის სანაცვლოდ „თალიბებს“ ანაზღაურებას სთავაზობდა. მედიასაშუალების ცნობით, სადაზვერვო სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიაწოდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა გავრცელებულ ცნობებს ყალბი უწოდა.