დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - აქციაზე ვითარების გასაცნობად მოვედი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - აქციაზე ვითარების გასაცნობად მოვედი

აქციაზე ვითარების გასაცნობად მოვედი​, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც აქცია და კონტრაქცია იმართება.

„ვითარების გასაცნობად მოვედი. საპატრიაქრომ განცხადება გააკეთა და მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ მთელი პასუხიმგებლობა იმ ორგანიზაციამ უნდა აიღოს თავის თავზე, ვინც წაახალისა ასეთი ქმედებები. ჩვენ ვხედავთ საზოგადოებაში დაძაბულობას და საპატრიარქოს განცხადება იყო პრევენციული, მოწოდება იმისაკენ, რომ არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება და მიუხედავად ამისა, როდესაც წინასწარ იციან საზოგადოების განწყობა, მაინც ხდება ასეთი ქმედებების ორგანიზება. მთელი პასუხიმგებლობა უნდა აიღონ მათ, ვინც ამის ორგანიზება მოახდინა“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მან მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე წუთში დატოვა.

დღეს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქცია არ გამართონ.

აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ კონტრაქციის რვა მონაწილე დააკავა.