მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე რამდენიმე პირი კიდევ დააკავეს. ამის შესახებ ადგილიდან საქართველოს პირველ არხის კორესპონდენტი იტყობინება.

შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ამ დროისთვის სულ რვა პირია დაკავებული. მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) განხორციელდა. დაკავებულები „თბილისი პრაიდის“ აქციის ორგანიზატორთა კონტრაქციის მონაწილეები არიან.

„საპატრულო პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა, რომელიც ასევე კონტრაქციის მონაწილეა. აღნიშნული პირი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ აქციის წევრებს, რომლებსაც ასევე ესროლა კვერცხები.

სამართალდამცველების მოთხოვნის მიუხედავად დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.

დღეს, კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს, პოლიციამ სულ რვა პირი დააკავა. ყველა დაკავებული გადაყვანილი არის პოლიციის განყოფილებაში და მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

ერთ-ერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის შვილია.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც პარალელურად ორი აქცია იმართება, რამდენიმე ადამიანი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. დღეს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.

დატოვე კომენტარი