დედაქალაქში გარე განათების განახლების პროექტი იწყება
დედაქალაქში გარე განათების განახლების პროექტი იწყება

თბილისის მასშტაბით, გარე განათება ათწლიანი გადახდის პირობით განახლდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტი გარე განათების განახლების პროექტისთვის დამატებით დაფინანსებას არ გამოყოფს, ის მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის დაზოგვის შედეგად გაკეთებული ეკონომიის ფარგლებში დაიფარება.

„გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ გარე განათების პროექტზე მუშაობა. ტენდერი ჩავატარეთ და გამარჯვებულ კომპანიას დავუკვეთეთ თბილისის გარე განათების გენერალური კონცეფცია და გეგმა, რომელიც უკვე შემუშავებულია და ჩაბარებულია. ის ქუჩების განათების სამ კატეგორიად დაყოფას ითვალისწინებს. თბილისის მასშტაბით იქ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ, დააკვირდებით, რომ LED სანათები მონტაჟდება, რაც დიდ ეკონომიას იძლევა. თუმცა, ქალაქში ის ყველგან არ არის. რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება თბილისში ღამის განათებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გარე განათების პროექტის განხორციელების მიზნით, მიმდინარე კვირას „თბილსერვის ჯგუფი“ ელექტრონულ ტენდერს გამოაცხადებს.

„დეტალები უკვე შემუშავებულია, კონსულტაციები და ბაზრის კვლევა ჩატარებულია, ბევრ კომპანიასთან გვქონდა კომუნიკაცია. ახლა უკვე გამოცხადდება ტენდერი და ვიმედოვნებ, დაინტერესებული პირები აქტიურად ჩაერთვებიან, გვექნება კონკურენტული გარემო, მივიღებთ საუკეთესო წინადადებებს და პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისს ექნება მაღალი სტანდარტის გარე განათების სისტემა. ამ პროექტის განხორციელების ვადა, დაახლოებით, ერთი წელი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი