დედამიწაზე ნაპოვნი ძველი მეტეორიტი, რომელშიც შესაძლოა, მარსზე ერთ დროს არსებული ბაქტერიები იმალება
დედამიწაზე ნაპოვნი ძველი მეტეორიტი, რომელშიც შესაძლოა, მარსზე ერთ დროს არსებული ბაქტერიები იმალება

ოცი წლის წინ, 1996 წელს, აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა იმ დროისათვის მონუმენტური აღმოჩენის შესახებ განაცხადა  — აღმოჩენის, რომელსაც ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა დასაბამი მიეცა მეცნიერების სრულიად ახალი დარგის, სახელად ასტრობიოლოგიისთვის.

იმ დღეს ნასას მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მარსული წარმოშობის მეტეორიტში ჩაჭედილი იყო სიცოცხლოს სავარაუდო ნიშნები — მარსული ქანები შეიცავდა სტრუქტურებს, რომლებიც უცნაურად ჰგავდა პრიმიტიული ბაქტერიული სიცოცხლის ფორმას.

ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როცა მოქმედმა პრეზიდენტმა სრული სერიოზულობით ისაუბრა არამიწიერ სიცოცხლეზე. კლინტონის განცხადებამ მთელ მსოფლიოში დიდი დისკუსია გამოიწვია, თუმცა სამეცნიერო საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი მაინც სკეპტიკურად იყო განწყობილი.

ამ სამეცნიერო დაპირისპირებამ დღემდე მოაღწია. მრავალწლიანი უშედეგო კვლევების შემდეგ, ამ საკითხის ირგვლივ რაღაც სიახლის დრო დადგა.

უნგრელი მკვლევრების განცხადებით, მათ იპოვეს მარსული წარმოშობის მეორე მეტეორიტი, რომელიც ასევე შეიცავს შესაძლო ორგანულ ნამარხებს. ეს მეტეორიტი 1970-იანი წლების ბოლოს, ანტარქტიდის იმავე რეგიონში აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, ეს ნამსხვრევიც გახდება საბაბი ვრცელი სამეცნიერო ბრძოლისა, სხვა პლანეტებზე სიცოცხლის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით.

ამ მარსული მეტეორიტის ოფიციალური სახელია ALH-77005. მასში შეინიშნება მახასიათებლები, რომლებიც უცნაურად ჰგავს რკინის დამჟანგველ ბაქტერიას; მათ შორის არის სფერული და ძაფის მსგავსი სტრუქტურები — მინერალიზებული მიკრობებისა და მათ მიერ ქანების შესაძლო შეცვლის ხელწერა.

როგორც ავტორები ჯერ კიდევ რეცენზირებამდელ კვლევაში წერენ, ეს მახასიათებლები კარგად ჯდება ხუთ იერარქიულ დონეში (იზოტოპი, ელემენტი, მოლეკულა, მინერალი და ტექსტურა) კომპლექსური დედამიწისეული ბიოგენური მახასიათებლებითა და სხვა მეტეორიტთა შედეგებით.

ოპტიკური მიკროსკოპისა და ნახშირბადის იზოტოპური მონაცემების გამოყენებით, ჯგუფი ფრიად ექსტრაორდინარულ დასკვნამდე მივიდა. მათი აზრით, ამ მეტეორიტში ერთ დროს შეიძლება მარსული ბაქტერია ცოცხლობდა, ნიშანი იმისა, რომ წითელ პლანეტაზე სიცოცხლე, თუნდაც ასეთი მცირე ფორმებით, წარსულში არსებობდა.

ამჟამად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან, რომ მარსზე ამჟამად სიცოცხლის არსებობის მტკიცებულება არ მოიპოვება. თუმცა, ნასა აქტიურად ცდილობს იმის გარკვევას, იყო თუ არა ერთ დროს წითელი პლანეტა მიკრობული სიცოცხლისათვის ხელსაყრელი.

ეს მეტეორიტები ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი გასაღებებია, მაგრამ იმაში ეჭვი არავის ეპარება, რომ ისინი ნამდვილად მარსული წარმოშობისაა, საკამათოა მხოლოდ მათი სტრუქტურა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაშთები შეიძლება მართლაც ჰგავდეს ბაქტერიას, სინამდვილეში შესაძლოა, ისინი სულაც არ არის სიცოცხლის კვალი, რისი დამტკიცებაც უკიდურესად ძნელია, თუ საერთოდ შეუძლებელი არა.

როგორც წესი, თუ რაღაცის ასახსნელად ფიზიკური მექანიზმი არ არსებობს, მეცნიერები ხანდახან გვთავაზობენ სხვა სახის რადიკალურ ჰიპოთეზებს. თუმცა, ასეთ მიდგას უამრავი ხარვეზი აქვს და ხშირად არასწორ დასკვნებამდე მივყავართ.

ამ შემთხვევაშიც, ბევრი მეცნიერი აცხადებს, რომ ბაქტერიის ფორმის სტრუქტურები საკმარისი მტკიცებულება არ არის არაფრისთვის.

მას შემდეგ, რაც მარსულ მეტეორიტებში სიცოცხლის კვალზე პირველად მიიტანეს ეჭვი, პალეონტოლოგმა და სიცოცხლის ადრეული ფირმების ექსპერტმა, უილიამ შოპფმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ კვლევის დამაჯერებლობისა, საჭიროა უჯრედის კედლების მტკიცებულება, რეპროდუქციის, ზრდის და უჯრედთა კოლონიების მტკიცებულებათა ხილვა.

ასეთი დამატებითი მტკიცებულებები კი არ არსებობს. მოკლედ რომ ითქვას, არც ერთი ასეთი აღმოჩენა მარსზე სიცოცხლის გადამწყვეტი მტკიცებულება არ არის.

თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ზედაპირული მტკიცებულებაც კი უფრო თანხვედრაშია მარსზე წარსულში სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობასთან, ვიდრე სხვა ახსნები.

როგორ მაშინ პრეზიდენტმა კლინტონმა განაცხადა, “სხვა ყველა აღმოჩენის მსგავსად, ეს აღმოჩენაც გადაიხედება, გულდასმით შეისწავლება და შემოწმდება. საჭიროა, ის სხვა მეცნიერებმაც დაადასტურონ”.

კვლევა ჟურნალ Open Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.