„უდინეზეს“ ნახევარმცველი როდრიგო დე პაული მომდევნო კვირას მადრიდის „ატლეტიკოსთვის“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
წყაროს ცნობით, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონთან 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ მხარეებმა პრაქტიკულად შეათანხმეს 27 წლის არგენტინელის ტრანსფერი. დე პაულში „ატლეტიკო“ 35 მილიონ ევროს გადაიხდის.
დე პაული არგენტინული „რასინგის“ აღზრდილია. „უდინეზეში“ ის 2016 წელს „ვალენსიადან“ 3 მილიონ ევროდ გადავიდა. მისი კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.