დავით ზილფიმიანი - ყველაფერი სწრაფად რომ დალაგდეს, ერთადერთი გამოსავალია, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე „ნაცმოძრაობამ“ მორატორიუმი გამოაცხადოს
დავით ზილფიმიანი - ყველაფერი სწრაფად რომ დალაგდეს, ერთადერთი გამოსავალია, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე „ნაცმოძრაობამ“ მორატორიუმი გამოაცხადოს

ყველაფერი სწრაფად რომ დალაგდეს, განვითარდეს ოპოზიცია, ერთადერთი გამოსავალია, რომ „ნაცმოძრაობამ“ გამოაცხადოს მორატორიუმი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ზილფიმიანმა განუცხადა, ამავე დროს ეს იქნება ინდიკატორი, რა უფრო ძვირფასია მათთვის, კიდევ ერთხელ ხელისუფლებაში მოსვლა, თუ ქვეყნის საშველი.

„რიგგარეშე არჩევნების საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მე არ ვამბობ ფორმალურ მხარეს ჩვენს ქვეყანაში. მთელი მსოფლიო, ჩვენი მეგობრები თუ არამეგობრები, ყველა ჩამოყალიბებულია, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. ამიტომ ახლა ეს თითიდან გამოწოვილია. ფაქტი სახეზეა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ამ ეტაპზე შეიძლება ცოტა ფუტურისტული აზრებიც მოგდიოდეს კაცს, მაგრამ ამ გადმოსახედიდან მე თუ მკითხავთ, ყველაფერი სწრაფად რომ დალაგდეს, განვითარდეს ოპოზიცია, ერთადერთი გამოსავალია, „ნაცმოძრაობამ“ გამოაცხადოს მორატორიუმი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. ეგრევე დალაგდება ქვეყანა. თან ეს იქნება ინდიკატორი, რა უფრო ძვირფასია მათთვის, კიდევ ერთხელ ხელისუფლებაში მობობღება, თუ ქვეყნის საშველი. დასანანია, რომ მგონი, პირველი, თუმცა ამის აფიშირებას ასე ვერ გააკეთებენ. ამიტომ ვამბობ, ამაზე კარგს „ნაცმოძრაობა“ ვერ გააკეთებს, რომ გამოაცხადოს მორატორიუმი 2024 წელს. მაშინ დარწმუნებული ვარ, პირველივე არჩევნებზე „ოცნება“ დამარცხდება. ანუ ოპოზიცია, რომელიც ჩრდილშია, აუცილებლად გაღვივდება და ყველა ამომრჩეველი უკვე გადაანაწილებდა ისეთი ჰარმონიით, როგორც მათი შინაგანი მრწამსი უკარნახებს“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

მან „ევროპული საქართველოს“ კრიზისიდან გამოსვლის ათპუნქტიან გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რეალობასთან ახლოს არ არის.

„თავს ვარიდებ კომენტირებას, რადგან ამაში არ დევს ის მარცვალი, რომელიც შეიძლება მინიმალურად მაინც რეალისტურად აღვიქვათ, რადგან ეფუძნება რიგგარეშე არჩევნებს. რიგგარეშე არჩევნებზე უარი არა მარტო ქვეყანამ, არამედ მთელმა მსოფლიომ თქვა. ამიტომ ჩვენ ვუბრუნდებით ისევ ძველ ფორმატს“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.