დავით ზალკალიანმა და ტოვიო კლაარმა სოფელ ხურვალეთთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრეს
დავით ზალკალიანმა და ტოვიო კლაარმა სოფელ ხურვალეთთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრეს

სოფელ ხურვალეთთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის შეხვედრაზეც შეეხო საუბარი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ადგილზე რამე სახის ახალი ინციდენტი არ დაფიქსირებულა და შესაბამისი სამსახურები რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების გახშირებული ფაქტების გამო.

ტოივო კლაარი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს დღეს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საკითხს დაეთმო.

რაც შეეხება ხურვალეთს, სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

რუსი სამხედროების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ დაადასტურა. ამასთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ახალი ბორდერიზაციის აქტივობების ნიშნები არ ჩანს. უსაფრთხოების აქტორები ადგილზე არიან, თუმცა ინციდენტები არ ფიქსირდება“.