დავით ზალკალიანი - ყველაზე მძიმე დღეებში სენატორი მაკკეინი საქართველოს გვერდით იყო
დავით ზალკალიანი - ყველაზე მძიმე დღეებში სენატორი მაკკეინი საქართველოს გვერდით იყო

ყველასთვის ცნობილია, რაოდენ დიდი იყო ჯონ მაკკეინის სიმპატია და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის საელჩოში, სადაც ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო გახსნილ  სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დღეებში სენატორი საქართველოს გვერდით იყო.

„მას არ დაუკარგავს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა 2008 წლის შემდეგაც და მუდმივად, ყველა საჯარო განცხადებაში, მიმართვაში აფიქსირებდა ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, მისწრაფებების, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ. ბუნებრივია, ის იყო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და გამორჩეული პოლიტიკოსი.  მისი ხსოვნა ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სპეციალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს.